ჩვენი ჯანმრთელობისთვის ვარჯიში რომ აუცილებელია, სიახლე არავისთვისაა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ჩვენი ქმედებები, რომლებიც უკეთესი შედეგის მიღწევაში, წონაში კლებასა თუ კუნთების დაჭიმულობით გამოწვეული დისკომფოტის შემცირებაში გვეხმარება.

ახლა სწორედ იმ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თქვენ მიერ დასახულ მიზანს — ფორმაში ყოფნა თუ წონის დაკლება — კიდევ უფრო სწრაფად მიაღწიოთ.

1. დალიეთ წყალი

წყლის დღიური ნორმა განსაკუთრებული ფიზიკური აქტივობის გარეშეც უნდა მივიღოთ, მაგრამ ვარჯიშთან ერთად დეჰიდრატაციის საფრთხე უფრო იზრდება, ამიტომ ორგანიზმს ის სითხე მალევე უნდა მივაწოდოთ, რომელიც ვარჯიშის დროს დაკარგა.

ამისათვის შეგვიძლია წყალთან ერთად გამოვიყენოთ ისეთი სითხეები, როგორებიცაა მწვანე ან შავი ჩაი, ქოქოსის წყალი და რძე. ეს კუნთებს აძლიერებს და უფრო მოქნილს ხდის.

2. ჭამეთ ჯანსაღი სასუსნავი

ვარჯიშიდან 45 წუთის განმავლობაში ჯანსაღი სასუსნავების ჭამა ნუ შეგაშინებთ: ის თქვენს შედეგზე ცუდად არ აისახება, პირიქით — ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. ისეთი პროდუქტები მიიღეთ, რომლებიც ნახშირწყლებსა და ცილებს შეიცავს: მაგალითად, უმი ბოსტნეული, ხილი, ჩირი და სხვა.

3. დაკავდით მსუბუქი ვარჯიშით

სრული დატვირთვით ვარჯიშის შემდეგ ნუ იფიქრებთ, რომ ვალი სრულად მოიხადეთ და შეგიძლიათ მთელი დღე აღარაფერი აკეთოთ. ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ კუნთებმა ძალების აღდგენა რომ შეძლოს, დღის დანარჩენ მონაკვეთში ისეთი მსუბუქი აქტივობებით დაკავდით, როგორებიცაა სეირნობა, ცურვა ან იოგა.

ფოტო: Nadya Fedrunova / Dribbble

4. აცადეთ ორგანიზმს დამშვიდება

ვარჯიშის შემდეგ ცოტა ხნით დაისვენეთ, რათა პულსის სიხშირე ჩვეულ ნორმას დაუბრუნდეს.

5. მიიღეთ ცილები

კვებისას უპირატესობა მიანიჭეთ იმ პროდუქტებს, რომლებიც ცილებს დიდი ოდენობით შეიცავს. ასეთი საკვები კუნთებს დაეხმარება, რომ გაძლიერდეს და გაიზარდოს. ცილების შემცველი ჯანსაღი პროდუქტებია:

  • რძე
  • იოგურტი
  • კვერცხი
  • ყველი
  • თევზი
  • სოიო
  • თხილეულობა

6. მიიღეთ ჯანსაღი ნახშირწყლები

თუ ცილები კუნთებს ზრდაში ეხმარება, ნახშირწყლები ენერგიის აღდგენისთვისაა საჭირო. ამისათვის ვარჯიშის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ: ტკბილი კარტოფილი, ხილი, შვრია და სხვა ჯანსაღი პროდუქტები.

7. იკვებეთ განსაზღვრული დროით

წონის კლებისთვის აუცილებელია, რომ ორგანიზმი მკაცრი გრაფიკით მიეჩვიოს კვებას. შესაბამისად ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ ყოველთვის ერთსა იმავე დროს იკვებოთ, რაც ვარჯიშით მიღებული შედეგის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

8. არ დაგავიწყდეთ გაჭიმვა

ვარჯიშის შემდეგ, სანამ სხეული ჯერ კიდევ თბილია, მსუბუქი გაჭიმვები კუნთებს ეხმარება, რომ უფრო მოქნილი გახდეს და დაძაბულობა მოეხსნას. ამასთანავე ეს ამცირებს დაჭიმულობით გამოწვეული ტკივილისა და დისკომფორტის რისკს.

9. ნუ აარიდებთ თავს ცივ შხაპს

გრილი ან ცივი შხაპი კუნთებს მოდუნებაში ეხმარება. უფრო ვრცლად ამის შესახებ შეგიძლიათ ამ სტატიაში წაიკითხოთ.