პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისას ოპოზიციას მიმართა და თქვა, რომ მისგან განსხვავებით, ისინი დაშავებული ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებენ:

"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ ადამიანები დაშავდნენ. ნუ გგონიათ რომ თქვენ უფრო მეტად წუხან. თქვენ რატომ არ წუხართ იცით? იმიტომ რომ თქვენ იდმენად ამორალურად იქცევით, ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ. მე მაკო გომურის სახელს აი, ასე, თქვენ დღეში ასჯერ აქ რომ ასახელებთ, არ ვიყენებ და ეს არის ჩვენ შორის განსხვავება".

20 ივნისის მოვლენებიდან 1 წელი გავიდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დილით საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტი დეპუტატი იხილა. სწორედ აქედან დაიწყო მშვიდობიანი პროტესტი, რასაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლა მოჰყვა, გავრილოვს კი ქვეყნის დატოვება მოუხდა.

პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. მთავარი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო, რომელიც აწერდა ხელს ასამბლეის დღის წესრიგს. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მცირე ნაწილმა გააჟღერა მოთხოვნები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა. ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა, ისე, რომ ამის შესახებ ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანები არ გააფრთხილა. გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შედეგად, რამდენიმე მოქალაქემ თვალი, ზოგმა კი მხედველობა დაკარგა. დაშავდა დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები.

გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ერთში აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრას ედავებიან, მეორეში კი — სამართალდამცავებს ძალის გადამეტებას.