28 ივნისიდან ყოველ კვირას ფორმულას ეთერიდან ყველაზე ახალგაზრდა წამყვანები მოგვესალმებიან. მარიამ გულედანი, გიორგი რიგიშვილი, რუსკა ქარქაშაძე და ლუკა წიქარიშვილი თინეიჯერებისთვის აქტუალურ საკითხებზე გადაცემა ჩათში ისაუბრებენ.

თინეიჯერმა წამყვანებმა შერჩევის საგულდაგულო პროცესი გაიარეს: ისინი ერთმანეთისგან ინტერესებითა და ხასიათით განსხვავდებიან, თუმცა აერთიანებთ მათი თაობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

როგორც გადაცემის პროდიუსერი ელენე იაშვილი აცხადებს, გადაცემა მოიცავს როგორც გასართობ, ასევე შემეცნებით და სადისკუსიო თემებს. გადაცემის სტუმრებს შორის იქნებიან, როგორც 13-19 წლის ასაკის ახალგაზრდები, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლები. თითოეულ გადაცემაში მაყურებელი ერთ ახალ გმირს გაიცნობს, რომელიც გამორჩეული იქნება ცხოვრების სტილით, აზროვნებითა თუ გამოცდილებით.

"ქართულ ტელესივრცეში პირველად გვეძლევა საშუალება ამ თაობის ადამიანების აზრი გავიგოთ: რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რაში ეთანხმებიან უფროსი თაობის წარმომადგენლებს ან რა პრობლემები აქვთ ზოგადად... ამ თემებზე ხმამაღლა საუბარი აუცილებელია", — აცხადებს გადაცემაზე მომუშავე გუნდი.

რუსკა ქარქაშაძე, 17 წლის

რუსკა მაყურებელმა ფორმულა კრეატივის სერიალიდან, ხელოვნური სუნთქვიდან გაიცნო. არის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი, ფოტომოდელი და ინფლუენსერი. უყვარს ცეკვა. წლების განმავლობაში თამაშობდა ჩოგბურთს.

გიორგი რიგიშვილი, 18 წლის

გიორგის ინტერესის სფეროა ფიზიკა და ტექნიკური საგნები, ასევე რობოტიკა. არის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული, რის შემდეგაც ოცნება აისრულა და ნასა მოინახულა. უყვარს თევზაობა და ცურვა.

მარიამ გულედანი, 15 წლის

მარიამი წამყვანებს შორის ყველაზე პატარაა. ის დამწყები დრამერია, უყვარს ფეხბურთი და გულშემატკივრობს ბარსელონას. დაინტერესებულია სამოქალაქო საკითხებით.

ლუკა წიქარიშვილი, 17 წლის

ლუკა იუთუბერი, ტიკტოკერი და ბლოგერია. ბავშვობიდან ოცნებობდა ჟურნალისტობაზე. ასევე, აქვს საკუთარი სტარტაპი და ხელნაკეთ აქსესუარებს აკეთებს.

პირველ გადაცემა ფორმულას ეთერში 28 ივნისს, 3 საათზე გავა.