პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, უმრავლესობამ ბოლო დღეეშბი ფეიკნიუსებზე საუბრის გააქტიურებით საარჩევნო კამპანიის ახალი ფაზა გახსნა. მისივე თქმით, უმრავლესობამ ამ კონტექსტში სამიზნედ სამი ოპოზიციური ტელევიზია ამოიღო, მაშინ, როცა მედიის დიდი ნაწილი ხელისუფლებას საკმაოდ დაახლოებული ჰყავს და ფეისბუქს ანტიდასავლური პროპაგანდის გამო სახელისუფლებო გვერდების წაშლა დასჭირდა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ზოგადად, დეზინფორმაცია და ანტიდასვლური პროპაგანდა ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა, თუმცა, ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც უმრავლესობა დეზინფორმაციაზე საუბრობს, საერთოდ არ არის კავშირში იმ თემასთან, რომელიც სახელმწიფოებრივად უნდა ადარდებდეთ.

"უმრავლესობა საუბრობს ყალბ ამბებზე და ამ კონტექსტს უკავშირებს კონკრეტულად სამ ტელევიზიას. როგორც ჩანს, ეს ახალი საარჩევნო სტრატეგია არის და ეს ხაზი გაძლიერდება. გუშინ საარჩვენო კამპანიის ახალი ფაზა გაიხსნა და სამიზნე აღმოჩნდა სამი არხი, რომელსაც ხელისუფლება არ მიიჩნევს მასთან აფილირებულად და მიაჩნია ოპოზიციურ არხებად.

იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას მედიის დიდი ნაწილი საკმაოდ დაახლოებული ჰყავს და ზოგიერთს აქტიური პროპაგანდისთვის იყენებს, ხოლო სოცქსელების ნაწილის გაუქმება დასჭირდა ფეისბუქს იმისთვის, რომ ეს ანტიდასვლური პროპაგანდა შეენელებინა", — განაცხადა ჩუგოშვილი.

25 ივნისს დეპუტატები პარლამენტში აქტიურად საუბრობდნენ ფეიქნიუსზე და მაგალითად მთავარი არხი მოჰყავდათ.

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სამწუხაროს უწოდებს იმას, რომ "უპასუხისმგებლო სიუჟეტისთვის" ჟურნალისტს სისხლისსამართლებრივი ან ადმნისტრაციული პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. შალვა რამიშვილის გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარი არხის ეთერში გასული ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე გაკეთებული სიუჟეტი განიხილა, რომლის გამოც არხმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.