მმართველი გუნდიდან წამოსულმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელ პრემიერმინისტრს ჰკითხა, რა მიზანი ჰქონდა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას და იყო თუ არა ეს ქართული ოცნების ანგარიშსწორება. ბესელიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მაშინ მმართველ გუნდთან დაპირისპირება ჰქონდა და დაინტერესდა, გადაუხადა თუ არა მას გუნდმა ამ ფორმით სამაგიერო.

გარდა ამისა, ბესელიამ აღნიშნა, რომ ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები დღევანდელი მთავრობის შემადგენლობაში არიან.

"ბატონო გიორგი, ვფიქრობდი, რომელი საკითხით დამეწყო კითხვის დასმა. ღირდა თუ არა საერთოდ, ამ კითხვის დასმა, რასაც ახლა გკითხავთ, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე. ნამდვილად არ ვიქნები გულწრფელი, ახლა სხვა საკითხებზე რომ გესაუბროთ.

იმიტომ რომ ეს თქვენი და ამ პარლამენტის ბოლო ანგარიშია, ამ მოწვევისას და არ მინდა ეს პარლამენტი ისე დასრულდეს, რომ ეს კითხვა საჯაროდ არ დავსვა. მით უფრო, რომ ამ კითხვაზე პასუხს თქვენ მე დამპირდით, ამის წინის წინა მოხსენების დროს.

ეს არის თემა, რომელმაც მე პირადად ბევრი გადაწყვეტილება შემიცვალა და ბევრი რამ შემიცვალა. აქ არიან მათ შორის მთავრობის ის წევრები, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებული იყვნენ ამ საკითხთან.

თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც უმრავლესობის დეპუტატის, პარლამენტის წევრის მიმართ გავრცელდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები. ეს მოხდა თქვენი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში.

დღეს არის ივნისის ბოლო და გავიდა წელიწადი და 5 თვე. თქვენ თქვით, რომ იტყოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრათ ახლა, რომ ეს საქმე გახსნილია, იმიტომ რომ ეს საქმე გახსნილი არ არის და ამ კითხვაზე მე ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.

გეკითხებით ახლა, ვინ დაგეგმა ის დანაშაული, რა მიზანი ჰქონდა იმ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა ეს იმ პერიოდს, როცა ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა ათკაციან სიაზე.

რა იყო ეს? ეს იყო დასჯა, ეს იყო სამაგიეროს გადახდა, ეს იყო ანგარიშსწორება, თუ ეს იყო გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც გაბედავდა და ამ თემაზე ან სხვა თემაზე აირჩევდა ფორმას პროტესტისას, რაც მე ავირჩიე?", — იკითხა ბესელიამ ტრიბუნიდან.

მანვე აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მიიღებს და არ დაიღლება, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას. მისი თქმით, გაიგებს კონკრეტულ სახელსა და გვარს, ვინც დაგეგმა ეს დანაშაული.

"ეს იმისთვის, რომ ელემენტარულად ამ ქვეყანაში რაიმეს ფასი ჰქონდეს და ადამიანს, როგორც ღირებულებას, რაიმე ფასი ჰქონდეს", — განაცხადა მან.