სანამ მთელ მსოფლიოში ცნობილ ანთოლოგიურ სერიალ Black Mirror-ს გადაიღებდნენ, მანამდე ჯერ კიდევ ათწლეულებით ადრე ინგლისელმა მწერალმა ოლდოს ჰაქსლიმ დაწერა წიგნი Brave New World, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკურ ნიმუშთან ერთად შემაშფოთებელ ლიტერატურულ წინასწარმეტყველებად ითვლება.

წიგნის მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ის თავისი დისტოპიური სიუჟეტით იდეალური საზოგადოების შესახებ მოგვითხრობს, სადაც ყველაფერი კარგადაა და ადამიანების სურვილები მარტივად ასრულებადია. ამის მიუხედავად, მკითხველი (და მალე მაყურებელი) ხვდება, რომ ამ სამყაროს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აკლია და ამავდროულად ბედნიერების ფასადის მიღმა რაღაც იმალება.

ამ საკულტო რომანის მიხედვით ახალი სატელევიზიო ეკრანიზაცია გადაიღეს, რომელიც ეკრანებზე სწორედ ამ მომავლის (ანდაც უკვე აწმყოს?!) მომხიბვლელად შემზარავი რეალობის გაცოცხლებას ისახავს მიზნად:

საოცარი ახალი სამყაროს შექმნაზე დევიდ ვაინერმა იმუშავა, რომელსაც აქამდე ისეთი შოუების გადაღებაში მიუღია მონაწილეობა, როგორებიცაა Fear the Walking Dead და Homecoming.

სერიალში მთავარ როლს Solo: A Star Wars Story-ს მსახიობი ოლდენ ერენრაიკი ასრულებს. მასთან ერთად ამ ახალ სატელევიზიო შოუში ვიხილავთ The Originals-ის ვარსკვლავ ჯოზეფ მორგანს და დემი მურს.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჟანრული ფილმები თუ სერიალები და კომპანიებიც უფრო ხშირად გვთავაზობენ სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა თუ საშინელებათა ჟანრის საკულტო ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციებს: მაგალითად, მომავალ წელს ვიხილავთ გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფანტასტი ავტორის, აიზეკ აზიმოვის დასაბამის ეკრანიზაციას.

მანამდე კი შეგვიძლია საოცარი ახალი სამყარო შევაფასოთ, რომლის პრემიერაც 15 ივლისსაა დაგეგმილი და ის ერთ-ერთი მაღალი ინტერესის მქონე შოუა, რომლის ხილვასაც ამ ზაფხულს ყველაზე მეტად ველოდებით.