ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად აშშ-ში შავკანიანი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრობენ, რამაც მთელ მსოფლიოში ბევრი დააფიქრა იმ ფაქტზე, რომ რასიზმის პრობლემა მონობის გაუქმებასთან ერთად არ გამქრალა და მას უფრო შეფარულად აქვს გადგმული ფესვები ყველგან.

საშინელებათა ჟანრის ახალი ფილმი Antebellum სწორედ ამ დისკუსიების ფონზე ნამდვილად დროულად მოუსწრებს მაყურებლებს, რათა კიდევ ერთხელ აჩვენოს ყველას, თუ რა მძიმე, ტრაგიკული და შემზარავი გზის გამოვლა მოუწია მილიონობით ადამიანს დღემდე მხოლოდ მათი კანის ფერის გამო.

ფილმის ახალი სრული ტრეილერი არა მარტო ჟანრული კინოს მოყვარულებს, არამედ სხვა გემოვნების მაყურებლებსაც ჰპირდება, რომ სამხრეთული გოთიკის ატმოსფეროთი ეკრანების წინ არ მოაწყენს:

ახალ კინოსურათში მთავარ როლს მომღერალი ჟანელ მონე ასრულებს, რომელსაც აქამდე ისეთ ცნობილ ფილმებში უთამაშია, როგორებიცაა Moonlight და Hidden Figures. ეს კი მისი პირველი მთავარი როლი იქნება: ის წარმატებულ მწერალ ვერონიკას განასახიერებს, რომელიც ერთხელაც აღმოაჩენს, რომ საზარელ რეალობაშია გაჭედილი და იქაურობას თავს თუ არ დააღწევს, ვერ გადარჩება.

ფილმის მთავარი პროდიუსერი ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ჰორორების Get Out-სა და Us-ის შონ მაკკითრიკია, რაც გვარწმუნებს, რომ Antebellum საშინელებათა ჟანრის ელემენტებთან ერთად სოციალურ თემებსაც მოიცავს.

Antebellum-ის პრემიერა 21 აგვისტოსაა დაგეგმილი და ის ერთ-ერთი პირველი ფილმი იქნება, რომელითაც პანდემიის გამო დახურული კინოთეატრები გაიხსნება.