მაისში დასრულდა სერიალ Mrs. America-ს პირველი სეზონი, რომელმაც მაყურებლების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ამ შოუში ერთ-ერთ მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი ქეით ბლანშეტი ასრულებს — კონსერვატიული ღირებულებების მქონე ანტიფემინისტს განასახიერებს.

როგორც ჩანს, ქეით ბლანშეტმა გადაწყვიტა, რომ მომხიბვლელი სატელევიზიო ანტიგმირები შექმნას და ნეტფლიქსის ახალ სერიალში ის ამჯერად საშიში კულტის ლიდერად მოგვევლინება.

Stateless — ასე ჰქვია ახალ შოუს, რომლის სიუჟეტიც ავსტრალიაში ვითარდება და საემიგრაციო საპატიმროს ცენტრში მოხვედრილი ოთხი უცნობის ემოციურ ისტორიებს მოგვითხრობს.

ქეით ბლანშეტთან ერთად ამ ახალ სერიალში ერთ-ერთ მთავარ როლს მხევლის წიგნის ვარსკვლავი ივონ სტრაჰოვსკი ასრულებს: როგორც ჩანს, გილეადიდან მან აწმყოში გადმოინაცვლა, რომელიც ხანდახან არაფრით სჯობს მომავლის ტოტალიტარულ წინასწარმეტყველებებს.

აღსანიშნავია, რომ მსახიობობასთან ერთად ქეით ბლანშეტი შოუს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. ბევრისთვის ცნობილია, რომ ეს 51 წლის ავსტრალიელი მსახიობი აქტიურადაა ჩართული მსოფლიოში ემიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, შესაბამისად ეს შოუც მისი ერთ-ერთი მცდელობა იქნება, რომ მოქალაქეობის არმქონე მილიონობით ადამიანის საშინელი ბედი ფართო საზოგადოებას აჩვენოს.

როგორც ცნობილია, ამ შოუს შექმნაზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ, შესაბამისად მის ხილვასაც მაყურებელი დიდხანს ელოდა. Stateless-ის პრემიერა პირველად ავსტრალიაში შედგა და დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა. საერთაშორისო პუბლიკას კი მისი ხილვა 8 ივლისიდან შეეძლება ნეტფლიქსის პლატფორმაზე.