COVID-19-ის შემთხვევებმა ევროპულ ქვეყნებში საგრძნობლად იმატა, რამაც შეიძლება ათეულობით ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კვლავ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენოს — ამის შესახებ განცხადება სამშაბათს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურმა პირმა გააკეთა.

"ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ქვეყნების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად შემთხვევათა მატების რისკზე ვსაუბრობ. რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ეს რისკი უკვე რეალობად იქცა — ბოლო ორ კვირაში 30 ქვეყანაში ახალ შემთხვევათა მატება აღინიშნება", — განაცხადა ჰანს ჰენრი პი კლუგმა, WHO-ს ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა.

11 ქვეყანაში დაინფიცირების აჩქარებულმა პროცესმა კლინიკური შემთხვევების რიცხვი ისე მნიშვნელოვნად გაზარდა, რომ უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, საბოლოოდ ამ ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება

ჰანს ჰენრი პი კლუგი, WHO-ს რეგიონალური დირექტორი

ეს ქვეყნებია: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ყაზახეთი, კოსოვო, ყირგიზეთი, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, შვედეთი და უკრაინა.

ოფიციალური სტატისტიკით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა 9 მილიონს აღემატება, ხოლო 479 ათასი ადამიანის სიცოცხლე პანდემიას შეეწირა. WHO-ს ევროპის რეგიონში 54 ქვეყანაა გაერთიანებული და ამ ტერიტორიაზე, დღევანდელი სტატისტიკით, სულ 2,6 მლნ ინფიცირებული და 195,048 გარდაცვლილია.

კლუგემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ევროპაში პირველად აღინიშნა კლინიკური შემთხვევების ყოველკვირეული მატება — რეგიონში ახალი 20 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვი 700-ს აღემატება.

კლუგემ სწორად გატარებული აქტიური ღონისძიებებისთვის პოლონეთი, გერმანია, ესპანეთი და ისრაელი შეაქო.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრმა ბევრმა ქვეყანამ მარტში მიღებული საკარანტინო შეზღუდვები ბოლო დროს მნიშვნელოვნად შეამსუბუქა. ბევრმა ქვეყანამ საზღვრები გახსნა და ვიზიტორებისათვის სავალდებულო თვითიზოლაციის წესი გააუქმა.