კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, მათი თანხმობის გარეშე მაგთიკომი, სილქნეტი და ვიონი საქართველო მომსახურებებზე ტარიფებს ვეღარ გააძვირებენ. კომისიის მტკიცებით, ახალი რეგულაცია იქნება გარანტი იმისა, რომ არსებული შეთავაზებები შენარჩუნდეს და მომხმარებელი არაგონივრულად მაღალი ფასებისგან დაიცვას.

როგორც კომისიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მობილური ქსელით საცალო მომსახურებების ბაზარზე არსებული კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგად მიიღეს.

"კვლევის ფარგლებში, კომისიამ საცალო სეგმენტზე მაგთიკომის, სილქნეტისა და ვიონი საქართველოს არსებული შეთავაზებები შეისწავლა და დეტალური ანალიზი ჩაატარა მობილური მომსახურებების ბაზარზე აბონენტების საჭიროებების შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ აღნიშნულ ბაზარზე არსებული შეთავაზებები, განსაკუთრებით ხმოვანი მომსახურებების ნაწილში, არასაკმარისად დივერსიფიცირებულია აბონენტების მოთხოვნილების საპასუხოდ. შესაბამისად, აბონენტი ხშირად იძულებულია შეიძინოს მომსახურების კომბინირებული პაკეტი, ისე, რომ ამ პაკეტის სრულ რესურსს არ იყენებს", — ნათქვამია განცხადებაში.