კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის ეხმაურება თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, რომ ფეიქნიუსთან ბრძოლისთვის ვიდეოჩართვებს იწყებს. როგორც კოალიციაში ამბობენ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიასაშუალების მისამართით მსგავსი კამპანიის წარმოება არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს.

მათივე თქმით, ეს უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს.

"მით უფრო, როცა არსებობს რისკი წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა. განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები", — ნათქვამია მათ განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს თბილისის მერს იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები.

გუშინ, 25 ივნისს თბილისის მერმა განაცხადა, რომ ფეიქნიუსის წინააღმდეგ ვიდეოჩართვებს იწყებს. მისი თქმით, ყველას, ვინც მერიისა და მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, "ცხვირ-პირში სიმართლის მუშტი მოხვდებათ".

როგორც კალაძე ამბობს, რადგან არჩევნები ახლოვდება, პოლიტიკოსებსა და მედიასაშუალებებში ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებამ იმატა და სწორედ ამიტომ, აპირებს, რომ მათ "არგუმენტირებულად" და "რაციონალურად" უპასუხოს. მისი თქმით, ვიდეოჩართვებში მოსახლეობას აჩვენებენ, თუ როგორ ცდილობენ კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.

სწორედ ამასთან დაკავშირებით კალაძემ თავის ფეისბუქგვერდზე პირდაპირი ჩართვა დააანონსა. ბანერზე კი მას სამი ტელევიზია მთავარი არხი, ფორმულა და TV პირველი არიან გამოსახული.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ფეისბუქში გამოქვეყნებულ ანონსში ლოგოები არა სისხლში "არამედ ტყუილებშია ჩაღვენთილი".