ბეტა, იგივე მამლაყინწა ან "სიამის მოჩხუბარი" აკვარიუმის მოყვარულებისათვის ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, გამორჩეული ფერების მქონე და მარტივად მოსავლელი თევზი. თავდაპირველად ის აზიაში, ბრინჯის პლანტაციების წყლის არხებში აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი აკვარიუმისათვის უამრავი ჯიში გამოიყვანეს განსხვავებული ფერითა და ზომით. ხასხასა შეფერილობის გამო ის დამთვალიერებლისა თუ მყიდველის ყურადღებას ყოველთვის იქცევს.

ამ სტატიაში შეგიძლიათ გაეცნოთ საინტერესო ფაქტებს ბეტას შესახებ და გაიგოთ მისი მოვლის თავისებურებები.

ბეტა მოჩხუბარი თევზია

ფოტო: subin pumsom / Shutterstock

მამრი მამლაყინწების ორთაბრძოლა ერთგვარ სპორტად ითვლებოდა ტაილანდში. ადამიანები თევზების ჩხუბის ყურებით ერთობოდნენ და ფსონებსაც დებდნენ საკუთარ ფავორიტზე.

კონფლიქტები რომ თავიდან აირიდოთ, სჯობს ბეტას სახეობის ორი თევზი ერთად არ იყოლიოთ. აკვარიუმში მხოლოდ ერთი მამრი მოათავსეთ, ხოლო დედალი შეგიძლიათ ჩასვათ მაშინ, როდესაც სქესობრივი მომწიფების დრო დადგება.

ბეტა მტაცებელია

ფოტო: Csehak Szabolcs / Shutterstock

ბეტა მტაცებელი თევზია. ის კარგად ნადირობს მწერებზე, მომცრო ზომის თევზებსა თუ ლიფსიტებზე. თუ დაინახავთ, რომ ბეტა მცენარის ფესვებში დაცურავს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი თევზი ძალიან მშიერია და საკბილოს ეძებს.

აკვარიუმში ბეტა მიირთმევს როგორც ცხოველურ, ისე მშრალ და კომბინირებულ საკვებს.
ცხოველურს მიეკუთვნება კოღოს ჭუპრები, მწერები და ა.შ, ხოლო მშრალ და კომბინირებულ საკვებს - სპეციალური ბურბუშელა, ფანტელები.

ქვირითს ძირითადად მამრი ბეტა პატრონობს

ფოტო: mnoor / Shutterstock

ქვირითის მოვლა-პატრონობა ძირითადად მამრი ბეტას პასუხისმგებლობაა, რადგან მდედრმა შეიძლება ნაყოფი უბრალოდ შეჭამოს. მამრი ბეტა ბუდეს ჰაერის ბუშტუკებით აკეთებს და ზრუნავს ქვირითზე, სანამ ლიფსიტები არ დაიჩეკებიან.

სარკით ნებისმიერ ბეტას გააცურებთ

ფოტო: PooPix / Shutterstock

ბეტას შესანიშნავად შეუძლია გამოსახილების შემჩნევა სარკეში, ოღონდ საკუთარი ანარეკლი მეტოქე მამრი ჰგონია და საბრძოლო მზადყოფნაში მოდის. ამას მისი ფარფლების აგრესიული მოძრაობით მიხვდებით. თუ სარკეს მოაცილებთ, თევზი ჩათვლის, რომ მოწინააღმდეგე შეაშინა და ამაყად გაცურავს აკვარიუმის სიღრმეში.

ბეტას ძალიან უყვარს სივრცე

ფოტო: punnaphob / Shutterstock

არსებობს მოსაზრება, რომ ბეტა ჭიქაშიც ბედნიერად გრძნობს თავს. მას ნამდვილად შეუძლია გარკვეული პერიოდი იარსებოს ატმოსფერული ჟანგბადით, მაგრამ თევზებთან ასეთი მოპყრობა არ შეიძლება. ბეტას ძალიან უყვარს ცურვა, დიდი სივრცე და მცენარეების უკან შემალვა. კარგი იქნება, თუ საცხოვრებელ გარემოში ჩაამატებთ ქვებსა და სხვა აქსესუარებს. ეცადეთ, აკვარიუმი არ იყოს დახურული თავსახურით და წყალმცენარეები ზედაპირს არ ფარავდნენ. ასე, ბეტა ბევრად კომფორტულად იცხოვრებს.

თუ აკვარიუმისა და მისი ბინადრების მოყვარული ხართ, შეგიძლიათ გაეცნოთ "ჩემი აკვარიუმის" პირველ და მეორე ნაწილს.