ვირტუალური ბანკების მხრიდან მზარდი კონკურენციის მიუხედავად, ჰონგ-კონგის ტრადიციული კრედიტორები ფინტექ ეპოქის მომავალს დადებითად აფასებენ.

გასულ წელს ჰონგ-კონგის მონეტარულმა მმართველმა ორგანომ ფინტექ ინოვაციების წახალისებისა და საბანკო სექტორში კონკურენციის გაძლიერების მიზნით ოპერირების უფლება 8 ახალ ვირტუალურ ბანკს მისცა.

როგორც ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ბანკებში ტექნოლოგიურ ცვლილებებს საკუთარი საქმიანობისთვის საფრთხედ არ განიხილავენ და პირიქით, ამ პროცესს ენთუზიაზმით უერთდებიან, რათა ციფრული გადაწყვეტების უპირატესობებით თავადაც ისარგებლონ.

ჰონგ-კონგის ფულადი, საკრედიტო და ფინანსური კვლევების ინსტიტუტის (HKIMR) მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, რომ ბანკები ახლა და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფინტექს არა საფრთხედ, არამედ ახალ შესაძლებლობად განიხილავენ.

მრავალი ბანკი უკვე იყენებს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა მობაილ ბანკინგი, საბანკო ღია API, მანქანური დასწავლა და ღრუბლოვანი გამოთვლები, თუმცა მათი უმეტესობა არ ინტერესდება ქრაუდფანდინგის და ახალი საკრედიტო პლატფორმებით, რომლებიც, მათი აზრით, საკრედიტო-ფინანსური ინსტიტუტებიდან ფულადი რესურსების სასესხო კაპიტალის არაორგანიზებულ ბაზარზე გადინებას გამოიწვევს.

ფინტექი ფართოდ განიხილება როგორც ხარჯების შემცირების, მომხმარებლების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი ზრდის საშუალება. ტექნოლოგიური რევოლუცია კი განიხილება განსაკუთრებულ შესაძლებლობად ისეთ დარგებში, როგორებიცაა ვაჭრობის ფინანსირება, კორპორატიული დაკრედიტება და ანაბრების მომსახურება.

ფინტექის გავლენა ცალსახაა: ბანკები, რომლებიც ინტენსიურად იყენებენ ფინანსურ ტექნოლოგიებს, ხარჯების შემცირებითა და შემოსავლების, ასევე აქტივების მკვეთრი ზრდით გამოირჩევიან.

ტრადიციული საბანკო სექტორის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ ახალ პირობებთან ადაპტაციის შედეგად ისინი კვლავ წამყვან როლს შეასრულებენ, რაც ახალი კონკურენტების მხრიდან პოტენციურ საშიშროებას გამორიცხავს.

ვირტუალური ბანკები, თავის მხრივ, მიესალმებიან ტრადიციული ბანკებისა და ფინტექ-კომპანიების თანამშრომლობის იდეას. ვირტუალური ბანკები მეტად არიან იმ იდეის მომხრეები, რომ ბანკები და ფინტექ კომპანიები პარტნიორებად იქცევიან და მეტიც, ფინანსურ სფეროში ტრადიციული მოთამაშეები მეორეხარისხოვან პოზიციებზე გადავლენ.