მკვლევართა განცხადებით, მათ პარკინსონის დაავადების კვლევის ცხოველურ მოდელში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ახალმა მიდგომამ შეიძლება ამ ნეიროდეგენერაციული დაავადების მკურნალობის აქამდე ცნობილი მიდგომები მნიშვნელოვნად შეცვალოს.

მკურნალობის რეგენერაციული მეთოდოლოგიის მთავარი მიზანი დაავადების მიმდინარეობის პერიოდში განადგურებული ნეირონების ჩანაცვლება გახლავთ. მაგალითად: პარკინსონის დროს თავის ტვინის სპეციფიკურ უბანში, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, დოფამინის გამომყოფი ნეირონების (დოფამინერგული უჯრედების) სიკვდილი აღინიშნება.

კვლევის ავტორი სიან-დონ ფუ და მისი გუნდია, კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-დიეგოს სამედიცინო სკოლიდან. მათი აზრით, თავის ტვინის გარკვეული სახის უჯრედები (ასტროციტები) შესაძლებელია, დოფამინერგულ უჯრედებად ერთეტაპიანი ჩარევის გზით გარდავქმნათ. თავიანთი კვლევა მეცნიერთა ჯგუფმა ჟურნალში Nature გამოაქვეყნა.

"მკვლევარები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ლაბორატორიულ პირობებში ნეირონების გამოყვანას მრავალი საშუალებით ცდილობდნენ. ისინი ამისთვის ღეროვან უჯრედებსა და სხვა საშუალებებს იყენებენ", — აცხადებს ექიმი ფუ.

ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ნეირონთა დიდი რაოდენობის წარმოება თურმე შედარებით მარტივი ხერხითაც შეგვიძლია

სიან-დონ ფუ, კვლევის ავტორი

ასტროციტები აწარმოებენ ცილას, რომელიც მათ ნეირონად ჩამოყალიბებას უშლის ხელს. მკვლევართა განცხადებით, ამ ცილის მოცილება ასტროციტს სრულფასოვან ნეირონად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. ამის შედეგად აღდგება დარღვეული ნეირონული გამტარობა, დოფამინის დონე ნორმის ფარგლებს უბრუნდება, ხოლო პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი მოტორული დეფიციტი ქრება. ეს შედეგები მეცნიერთა ჯგუფმა ლაბორატორიულ თაგვებზე ექსპერიმენტებით მიიღო.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა თაგვის თავის ტვინის ის უბანი აირჩიეს, რომელიც პარკინსონის დაავადების დროს ყველაზე მეტად ზიანდება. მოძრაობაზე პასუხისმგებელ ამ რეგიონში დოფამინერგული უჯრედები შეუქცევადად ნადგურდებიან. ექსპერიმენტული ჩარევის შემდეგ, მოდიფიცირებული ასტროციტები ნეირონებად ჩამოყალიბდა. ამგვარად, მათი საერთო რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. დოფამინის დონე ნორმალურ მაჩვენებლებს დაუბრუნდა, ხოლო კიდურების მოტორული მახასიათებლები პირველ სამ თვეში სრულად აღდგა. აღსანიშნავია, რომ მკვლევრებს ამ შედეგის მისაღწევად მხოლოდ ერთჯერადი ჩარევა დასჭირდათ. გამოჯანმრთელებულ თაგვებს პარკინსონის ნიშნები სიცოცხლის ბოლომდე აღარ გამოვლენიათ.

"რადგანაც კვლევის პრინციპი ნოვატორული და იმედისმომცემია, ძალიან მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ იგი თაგვების მცირე ზომის ჯგუფზე (3-8 ერთეული) ჩატარდა. ადამიანთა ამ გზით მკურნალობამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი", — აღნიშნა პროფესორმა ტარა სპაირს-ჯონსმა, ედინბურგის უნივერსიტეტთან არსებული დემეცნიის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა.

თავის შეფასებებში უფრო თავშეუკავებელი აღმოჩნდა რობერტ ჰოვარდი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ხანშიშესულთა ასაკობრივი ჯგუფის ფსიქიატრიის პროფესორი, რომელმაც ექიმ ფუს კვლევა "განსაცვიფრებელ სამეცნიერო აღმოჩენად" შეაფასა.

ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების მიერ დაზიანებული თავის ტვინის უბნების "აღსადგენად" სრულიად ახალი ჰორიზონტები იხსნება

რობერტ ჰოვარდი, ფსიქიატრი