სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვები 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით გახანგრძლივდა და მიმოსვლა პირველ აგვისტომდე არ აღდგება. მათი თქმით, უკვე აცნობეს ავიაკომპანიებს, რომლებიც რეგულარულ რეისებს ახორციელებენ საქართველოს მიმართულებით.

სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას, რომ თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისგან, რადგან ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით.

"მოქალაქეებს და მგზავრებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის და დადასტურებული ფრენის განრიგების შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით", — აცხადებენ სააგენტოში.

გარდა ამისა, სააგენტო აცხადებს, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენამდე, გაგრძელდება მრავალჯერადი ჩარტერული რეისების რამდენიმე მიმართულებით. მათი თქმით, აღნიშნულ ავიარეისებთან დაკავშირებული ინფორმაცია ცნობილი გახდება ფრენის ნებართვების მინიჭებისთანავე.

დღეს, 25 ივნისს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "დიდი ალბათობით" რეგულარული ფრენების შეზღუდვის გადაწევა ივლისის ბოლომდე მოუწევდათ. მისი თქმით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, რეგულარული ფრენების სრული მასშტაბით აღდგენა, უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

ტურიზმის გახსნის საკითხზე მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ელოდებიან რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საზღვრების გახსნის შესახებ არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში, რადგან ამ დრომდე მხოლოდ წევრ ქვეყნებთან აქვს გადაწყვეტილი საზღვრების გახსნა.

გარდა ამისა, მინისტრის თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ. კერძოდ, სტუდენტებისთვისა და ბიზნესვიზიტორებისთვის ცალკე წესები შემუშავდა, რომელიც მალე გასაჯაროვდება. მისი განმარტებით, ეს რეგულაციები იქნება დაცული ვირუსის პრევენციის თვალსაზრისით, მაგრამ უფრო გამარტივებული.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გეგმით საერთაშორისო ტურიზმი პირველი ივლისიდან უნდა გახსნილიყო. თავდაპირველად ქვეყანა მოლაპარაკებას აწარმოებდა ისრაელთან და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისრაელში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, ვიზიტორების შემოსვლის საკითხი გადაიდო.