დღეს, 25 ივნისს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრისგგან, ანა დოლიძისგან უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება მიიღო. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა.

ანა დოლიძემ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან, ალეკო ელისაშვილთან და მის თანაგუნდელ ლევან იოსელიანთან გაერთიანდა და პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.

საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ ეს უკანონოა. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაცაა, რომ დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება მის თანამდებობასთან შეუთავსებელია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებაც გავრცელა და დოლიძეს მოუწოდა, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებდა, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიეღო.

ანა დოლიძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონით პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა გათვალისწინებულია, თუმცა კონსტიტუციით — არა.

პასუხად დოლიძემ განაცხადა, რომ მის წინაააღმდეგ კამპანია დაიწყო და ის კანონს არ არღვევდა. მან კლანთან კავშირში დაადანაშაულა მისი თანამებრძოლი ანა ჯანეზაშვილი და განაცხადა, რომ თუ პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტდა, იუსტიციის საბჭოს დატოვებაზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებდა.

რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ ანა დოლიძემ გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტს უფლებამოსილების შესწყვეტის შესახებ წერილით მიმართა.