რამდენიმე თვის წინ იმ გამორჩეული 10 ახალი ანიმაციის ჩამონათვალი გაგიზიარეთ, რომელთა პრემიერაც ამ წლის განმავლობაში არ უნდა გამოგრჩენოდათ. მათ შორის ერთ-ერთი იყო Over the Moon, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი იყო ცნობილი, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ნეტფლიქსმა პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა და დავრწმუნდით, რომ ის ნამდვილად იმსახურებს ანიმაციების მოყვარულებისგან დიდ ყურადღებას.

მეტიც, ეს ჯადოსნური ისტორია, რომელიც ცნობილი ჩინური ლეგენდის მიხედვით შექმნეს, იმაზე ჯადოსნური და შთამბეჭდავი ჩანს, ვიდრე წარმოვიდგენდით.

ამაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ სულ ახალი ტრეილერი ნახოთ:

Over the Moon 13 წლის გოგოს, ფეი ფეის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც განიზრახავს, რომ კოსმოსური რაკეტა ააგოს დამოუკიდებლად, რათა მთვარეზე ჩინურ მითოლოგიაში ცნობილ ქალღმერთ ჩენგის შეხვდეს.

როგორც ტრეილერიდან ვიგებთ, მას ამ მიზნის მისაღწევად რთული და დაბრკოლებებით სავსე გზის გავლა მოუწევს, რომელსაც მაყურებელი დეტალურ ვიზუალურ გამოსახულებასთან ერთად მუსიკალური ელემენტებითაც იხილავს.

აღსანიშნავია, რომ ამ ანიმაციის რეჟისორი ოსკაროსანი გლენ კინია, რომელსაც მანამდე დისნეის ისეთ ცნობილ პროექტებზე უმუშავია, როგორებიცაა ტარზანი, პოკაჰინტასი, ალადინი და რაპუნცელი.

Over The Moon

ფოტო: Netflix

ანიმაციის ერთ-ერთ პერსონაჟს ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი სანდრა ო ახმოვანებს, რომელსაც მაყურებლები ისეთი ცნობილი სერიალებიდან იცნობენ, როგორებიცაა გრეის ანატომია და ევას მკვლელობა.

ჯერჯერობით კონკრეტულად ცნობილი არ არის, თუ როდის შედგება ანიმაციის პრემიერა, მაგრამ ვიცით, რომ მისი ხილვა წლის ბოლომდე შეგვეძლება და თუ გავითვალისწინებთ ნეტფლიქსის ისეთ ანიმაციურ პროექტებს, როგორებიცაა Klaus და The Willoughbys, წინ ნამდვილად კიდევ ერთი დაუვიწყარი სანახაობა გველოდება.