აშშ-ის სენატის სადაზვერვო კომიტეტს სურს, რომ პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ არსებული ყველა მონაცემი გამოააშკარავოს. კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარკო რუბინმა ხმა მისცა დებულებას, რომლის მიხედვითაც, საჭიროა საჯარო დებატების მოწყობა და განხილვა, თუ როგორ ადევნებს თვალყურს აშშ-ის მთავრობა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ არსებულ ანგარიშებს.

"კომიტეტი შეშფოთებულია, რადგან ფედერალურ მთავრობაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი, ყოვლისმომცველი პროცესი არ მიმდინარეობს", — განაცხადეს სენატორებმა.

კომიტეტმა ასევე დაადგინა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შემჩნევაზე შეიარაღებული და სადაზვერვო ძალების მიერ გაზიარებული ინფორმაცია არათანმიმდევრულია, უფლებამოსილი პირები კი ამ პრობლემას საკმარის ყურადღებას არ აქცევენ.

პენტაგონმა სამი ვიდეო ამოუცნობი ობიექტების შესახებ ფორმალურად 2 თვის წინ გაასაჯაროვა. პირველად კი ისინი 2017 წელს, The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოძებისას გამოჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ მისცემს ხმას დებულებას მთელი სენატი. ამასთან, თანხმობაა საჭირო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდანაც.

"თუ დავუშვებთ, რომ მოხსენება სწორად არის მომზადებული და მიწოდებული, შეუძლებელია ამ მოვლენის მნიშვნელობის განსაზღვრა. ეს შეიძლება ნიშნავდეს აქამდე უცნობი საფრთხის არსებობას, მილიტარულ მოწყვლადობას, ან თუნდაც კოსმოსური ზონდების მიერ ჩვენი პლანეტის სტუმრობას", — განაცხადა პენტაგონის სადაზვერვო განყოფილების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტოფერ მელონმა.