გირჩს საკონსტიტუციო სასამრთლოში დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს. პარტიამ თავის წარმომადგენლად იურისტი და გირჩის პოლიტიკოსი ლევან ჯგერენაია აირჩია.

"პარლამენტის წევრს ირჩევს ხალხი, ხალხისგან აქვს მას ლეგიტიმაცია და არ შეიძლება დეპუტატობის კანდიდატს დაუწესდეს ასეთი აბსურდული და დამამცირებელი მოთხოვნა. ადამიანები თვითონ წყვეტენ, ვინ იმსახურებს პარლამენტში ყოფნას და ვინ არა", — აცხადებს ლევან ჯგერენაია.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით, ესმის, რომ გირჩი საკონსტიტუციო სასამართლოს "უხერხულ" ამბავზე მიმართვას, მაგრამ მათი დახმარება ამ "სამარცხვინო პროცედურის" გასაუქმებლად აუცილებელია, რადგან არჩევითი თანამდებობის პირს მსგავსი შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეს.

ხვიჩიას საკონსტიტუციო სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების იმედი აქვს, რასაც მას მარიხუანის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება აძლევს. მისივე თქმით, ეს ნორმა ჩარჩენილია კანონმდებლობაში, რომელსაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება არ ცვლის.

"მე არ მგონია, რომ საქართველოს დეპუტატებს, ჩვენ უნდა მოვაფსმევინოთ და მერე თუ არ მოგვეწონება ამის შედეგები ავუკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არ შეიძლება იყოს კონსტიტუციური", — განაცხადა ხვიჩიამ.

გირჩის კიდევ ერთ ლიდერმა, ჰერმან საბომ, ასევე პარლამენტის დეპუტატობის ყველა კანდიდატს მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რადგან მისი აზრით, ამ ნორმის ცვლილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ნორმალურ და ადამიანურ პირობებში ჩატარებას ხელს შეუწყობს.

"მე, რომ ჩაქცეული ნარკომანი ვიყო და ერთი თვით ადრე შევწყვიტო მოხმარება, ჩემი ანალიზები სუფთა იქნება და მოვხვდები პარლამენტში", — განაცხადა ჰერმან საბომ.

მისივე თქმით, ეს ნორმა, რომ პარლამენტის დეპუტატის შარდი "ბავშვის შარდივით სუფთა" უნდა იყოს, არც მორალური, არც სამართლებრივი, არც ტექნიკური მხრიდან არანაირი შინაარსი არ გააჩნია.

დღევანდელი კანონმდებლობით პარლამენტის წევრობის მსურველები ვალდებულები არიან ცესკო-ში რეგისტრაციისთვის წარადგინონ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა.