შესაძლოა, აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე მუშაობის უფლება მიეცეთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დღეებში მიიღებენ.

როგორც გაბუნიამ განმარტა, აბიტურიენტების სამუშაო მაგიდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით ადაპტირდა და სპეციალური ბარიერით აღიჭურვა.

"მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი რეკომენდაცია გავიარეთ და შენიშვნებიც მივიღეთ. საზოგადოების მოლოდინი, გარკვეულწილად, არაერთგვაროვანი იყო. პირბადე არის ბარიერი. ამ შემთხვევაში იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის, გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც იცით, რომ მაღაზიაში ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით.

განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე. ამ დღეებში ჩვენ გვექნება დაზუსტებული პასუხი ამასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, შევატყობინებთ", — განაცხადა გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში.

რაც შეეხება კონდიცირებას, გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით ამ კუთხით კვლავ სიფრთხილის დაცვის საჭიროებაა.

"ვენტილატორებთან და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი დებატია, მარტო ჩვენთან არა, გლობალურად და, ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რასაც ჩვენ ვაპირებთ გამოცდების პროცესში,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ", — განაცხადა გაბუნიამ.