ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის მხევლის წიგნის მესამე სეზონის პრემიერა 2019 წელს შედგა და მას შემდეგ ერთგული მაყურებლები მოუთმენლად ელიან ისტორიის გაგრძელების ხილვას, თუმცა, როგორც ჩანს, ლოდინი მოსალოდნელზე უფრო დიდხანს გაგრძელდება.

სულ ახლახანს მეოთხე სეზონის თიზერ ტრეილერი გამოქვეყნდა, რომელშიც ძირითადად გასული სეზონებიდან ყველაზე დაძაბული კადრებია თავმოყრილი, რაც მთავარი გმირის, ჯუნის გადარჩენისთვის ბრძოლის წარმოუდგენლად საშიშ გზას გვაჩვენებს.

ტრეილერიდანვე ვიგებთ, რომ ახალი სეზონის ხილვა 2021 წლამდე არ შეგვეძლება:

როგორც შოუს ერთგულმა მაყურებლებმა უკვე იციან, წინა სეზონში ჯუნმა ერთგვარი აჯანყება მოაწყო და მხევლების შვილები გილეადიდან გააქცია. ვინც გილეადის წესებს ზედაპირულად მაინც იცნობს, ხვდება, თუ რამდენად მძიმედ დაუჯდება ეს ჯუნს.

მაგრამ, როგორც ჩანს, ჯუნს არაფერი აშინებს და მას არა მხოლოდ პატარა გამარჯვებების მოპოვება, არამედ მთლიანად ამ ტოტალიტარული სისტემის განადგურება სურს.

რამდენიმე თვის წინ სერიალის შემოქმედმა ბრიუს მილერმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მაყურებელს სიუჟეტის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მეტი მოულოდნელობა ელის წინ:

"ნუ ეცდებით იმის გამოცნობას, თუ რა მოხდება შემდეგ. მაინც ვერასდროს გამოიცნობთ, თუ როგორ განვითარდება ყველაფერი. სწორედ ეს არის ამ სერიალის მშვენიერება".

რას ვიზამთ, ისღა დაგვრჩენია, შემდეგ წლამდე დავიცადოთ.

ფოტო: Hulu