მუსლიმებმა მოხეში კვლავ ღია ცის ქვეშ ილოცეს და ასევე, სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ვიდეოს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ავრცელებს.

ადგილობრივ მუსლიმ თემს სალოცავი ნაგებობა არ აქვს, ამიტომ ღია ცის ქვეშ უწევს ლოცვა.

მუსლიმი თემი მიიჩნევს, რომ ნაგებობა, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება, არის მეჩეთი. 1 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილმა მოხის სადაო ნაგებობის წარმომავლობის დამდგენმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ე.წ. სადაო ნაგებობა კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნდა გადაეცეს.

აღნიშნული კომისია სადაო შენობის წარმომავლობის საკითხს 2 წლის განმავლობაში სწავლობდა.