ამერიკელმა მსახიობმა ვაინონა რაიდერმა The Sunday Times-თან ინტერვიუში ოსკაროსანი რეჟისორი მელ გიბსონი წარსულში ანტისემიტური და ჰომოფობიური კომენტარების გაკეთებაში დაადანაშაულა.

ვაინონა რაიდერმა წლების წინ მომხდარი შემთხვევა გაიხსენა, როცა მელ გიბსონთან ერთად წვეულებაზე იყო:

"ჩემი ერთ-ერთი ახლო მეგობრის ხალხმრავალ წვეულებაზე ვიყავით, სადაც მეგობრებთან ერთად ვსაუბრობდი, მელ გიბსონიც იქვე იყო და სიგარას ეწეოდა. სწორედ ამ დროს ის უცებ ჩემს მეგობარს, რომელიც გეია, მიმართა: "ოჰ, შეიძლება ახლა აივ ინფექცია დამემართოს?" შემდეგ რატომღაც ებრაელებზე ჩამოვარდა საუბარი და მითხრა: "შენ არ ხარ ხომ oven dodger?" (oven dodger — ეს ტერმინი ებრაული წარმოშობის ადამიანების დასამცირებლად გამოიყენება და ის ჰოლოკოსტის დროს გაზის კამერებში დაღუპულ ებრაელებზე ერთგვარ მინიშნებას წარმოადგენს)

რაიდერის განცხადებით, მელ გიბსონმა ამ შემთხვევის შემდეგ ბევრჯერ სცადა, რომ მისთვის ბოდიში მოეხადა.

"მონანიებისა და პატიების მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ბატონმა გიბსონმა იპოვა სწორი გზა, რომ თავისი დანაშაული გამოესყიდა, თუმცა მე არ დამვიწყებია ის, რაც მან გააკეთა. დაახლოებით 1996 წელს მე და ჩემმა მეგობარმა კევინ ოკოინმა მისი სიძულვილით სავსე შეფასებები მივიღეთ და ეს დღემდე მკაფიო და მტკივნეული მოგონებაა, რომელსაც ვერ ვივიწყებ", — ამბობს მსახიობი.

ვაინონა რაიდერი ნეტფლიქსის გახმაურებულ სერიალში Stranger Things.

ფოტო: Netflix

The Guardian-ის ცნობით, ვაინონა რაიდერის განცხადებებს მელ გიბსონის წარმომადგენელი გამოეხმაურა და ეს ბრალდებები უარყო:

"ეს ყველაფერი 100%-ით ტყუილია. მან მსგავსი რამე ათწლეულის წინაც მოიტყუა და ახლაც იმავეს აკეთებს", — მელ გიბსონის წარმომადგენელმა გაიხსენა 2010 წელს ჟურნალ GQ-სთან ვაინონა რაიდერის ინტერვიუ, სადაც ამ ფაქტზე პირველად ისაუბრა მან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქრისტეს ვნებანისა და მამაცი გულის რეჟისორს ჰომოფობიური და ანტისემიტური განცხადებების გაკეთების გამო აკრიტიკებენ: 1991 წელს ესპანურ გაზეთ El País-თან ინტერვიუში მელ გიბსონმა თქვა, რომ მას გეი კაცების ამოცნობა მათი გარეგნობითა და მოძრაობით მარტივად შეუძლია. წლების შემდეგ მსგავს განცხადებებზე ბოდიშის მოხდაზე კი უარი განაცხადა:

"არ ვაპირებ, ვინმეს ბოდიში მოვუხადო. მხოლოდ მაშინ გავაკეთებ ამას, თუ ჯოჯოხეთი გაიყინება. ვინც ამას ითხოვს, უბრალოდ მოკეტოს".

2006 წელს კი თქვა, რომ "მსოფლიოში მიმდინარე ყველა ომზე პასუხისმგებლობა ებრაელებს ეკისრებათ".