ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ გიორგი რურუასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებისთვის მიწერილი წერილი, რომელსაც ხელს ქართული ოცნების წევრი, კახა კუჭავა აწერს, პირდაპირ ადასტურებს მმართველი გუდნის დაკვეთას, რომ რურუას ციხეში იყოს.

მისი თქმით, ეს წერილი მომავალში იქნება მტკიცებულება იმისი, როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა იყო და როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა.

"ჩვენ ყველამ ვიხილეთ ადოკატების ბრიფინგი და ის სამარცხვინო წერილი, რომელიც მთავრობის პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც ხელს აწერს მმართველი გუნდის წარმომადგენელი ბატონი კუჭავა. ეს წერილი არის დასტური იმისი, რომ პოლიტიკური მოტივია და პირდაპირი დაკვეთაა ივანიშვილის გუნდისგან, რომ პოლიტპატიმარი რურუა იყოს ციხეში. ამ პოლიტიკურად ბრიყვებს გონიათ, რომ ასეთ დისკრედიტაციის კამპანიას თუ დაიწყებენ, ამით მიაღწევენ მიზანს. ამ დროს ასეთი დოკუმენტი ვისაც უვარდება ხელში ყველა ხვდება, რომ მთავრობას პოლიტიკური მოტივი აქვს", — განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი რურუას ადვოკატების განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ევროპარლამენტარებს წერილით მიმართა. მათივე ინფორმაციით, წერილს ხელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა აწერს და მასში საუბარია 1993-1994 წლებზე და მხედრიონზე.

ამასთან, ადვოკატებმა დღესვე წარმოადგინეს დოკუმენტი საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან, რომლის მიხედვითაც, უწყებაში წარსულში გიორგი რურუას სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.

შალვა შავგულიძის განცხადებით, აქედან გამომდინარე, ქართული ოცნების წერილი რურუას დანაშაულებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლობა და ცილისწამებაა.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ქართული ოცნების წერილში მითითებულია, რომ რურუას წინააღმდეგ საქმეები მიმდინარეობდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეწყდა. თუმცა, საძაგლიშვილი აღნიშნავს, რომ მის მიმართ წინა წლებთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა არც ქართული ოცნების პერიოდში.

დიმიტრი საძაგლიშვილის აზრით, სავარაუდოდ, ქართული ოცნება ამ წერილით ევროპარლამენტარების წინაშე გიორგი რურუას პატიმრობის გამართლებას ცდილობს. მისი ინფორმაციით, წერილი რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა.