ევროპული საქართველოს წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი უსინდისო ადამიანია. მისი თქმით, ელისაშვილს მთაწმინდაზე მაჟორიტარად თავისი მოძრაობის წევრის, ლევან იოსელიანის დაყენება უნდოდა, რომელსაც წინა არჩევნებში უფრო ნაკლები ხმა ჰქონდა მიღებული, ვიდრე თავისუფალი დემოკრატების წევრს, შალვა შავგულიძეს. საბოლოოდ, ოპოზიციამ სწორედ შავგულიძე წარადგინა მთაწმინდის მაჟორიტარად.

ბოკერიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა იოსელიანის კანდიდატურაზე ოპოზიციისგან თანხმობა ვერ მიიღო, მოლაპარაკებები დატოვა და ოპოზიციის კოორდინირების იდეის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. მისივე თქმით, ელისაშვილის საქციელი ბიძინა ივანიშვილის დახმარებაა.

"ითხოვდა, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას მთაწმინდაზე იოსელიანი დაეყენებინა. როცა ვკითხეთ, რომ იოსელიანმა ხუთჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შავგულიძემ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო. თუ ამას ვაჭრობას ეძახის, მაშინ ის რას გვევაჭრებოდა? უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია და მერე კამპანიის დაწყება ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, ეს ივანიშვილის დახმარებაა. თქმა, რომ კოალიციაში არავისთან შევალ, პრაქტიკულად პირდაპირ თქმაა, რომ ივანიშვილს შეუქმნი კოალიციას, აბა მაშინ მთავრობის გარეშე იყოს ქვეყანა თუ როგორაა მაგის საქმე?" — განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, თავად ელისაშვილს შესთავაზეს, რომ ოპოზიციის საერთო მაჟორიტარად დამდგარიყო, რადგან პირველ ტურში ძლიერი კანდიდატების დაყენება სურდათ.

"მაგრამ, როცა ასეთი უსინდისო ხარ, რომ თან მოლაპარაკებებში შედიხარ და თუ ვერ მიიღე, რაც გინდა, მერე გამოხვალ, დაგმობ ამას, როგორც ვაჭრობას და ერთ-ერთ ყველაზე წესიერ კაცს ქართულ პოლიტიკაში, შალვა შავგულიძეს, სამიზნედ ამოიღებ და იძახი, რომ მაგან ხომ წააგოო, ეგ რა ტექსტია? ყველას წაგებული აქვს, მაგასაც წაგებული აქვს არჩევნები და რატომ გვთავაზობდა ექვსჯერ ნაკლები ხმის მქონე კანდიდატს მთაწმინდაზე? მოკლედ, უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება", — განაცხადა ბოკერიამ.

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ლეიბორისტების ოფისში ოპოზიციის მოლაპარაკებებს ესწრებოდა ხოლმე, თუმცა საერთო მაჟორიტარების დასახელებაში მას მონაწილეობა არ მიუღია.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა მოძრაობამ ხალხისთვის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ანა დოლიძემ და დეპუტატმა ლევან კობერიძემ შექმნეს ახალი პლატფორმა. ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით მათ მემორანდუმს ხელი 18 ივნისს მოაწერეს. ისინი პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ.