25 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფეისბუქლაივის საშუალებით თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია ახლახან მიიღო და სტუდენტებს უკვე შემოდგომის სემესტრიდან მიიღებს.

პროგრამაში გაერთიანებულია მსოფლიოს მასშტაბით თემის შესახებ არსებული საუკეთესო ინტელექტუალური ცოდნა. პროგრამაზე ასწავლიან დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი უნივერსიტეტების კურსდამთავრებული დოქტორები.

პროგრამა ორენოვანია — სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური — და ითვალისწინებს ახალი და უახლესი ისტორიის შესწავლას ტრანსნაციონალურ და რეგიონულ ჭრილში. საკითხები განხილული და დანახული იქნება მსოფლიოსა და სამეზობლოში მიმდინარე პროცესების პარალელურად. გარდა თეორიული ცოდნისა, თითოეულ სილაბუსში გათვალისწინებულია კვლევის კომპონენტი. სტუდენტები გაივლიან პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად აუცილებელ კურსებს (საარქივო საქმე, კვლევის დიზაინი და ა.შ.).

Live-საინფორმაციო შეხვედრაზე მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დასაქმებისა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:

  • ბექა კობახიძე — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროგრამის თანახელმძღვანელი;
  • სტივენ ჯონსი — მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის (აშშ) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • მალხაზ თორია — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
  • ნათია ბურჯანაძე — ხარისხის მართვის სპეციალისტი.

მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღონ ამომწურავი პასუხები. ილიაუნი ელოდება ყველას, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით, 25 ივნისს, 19:00 საათზე, შექმნილი ვითარების გამო, ფეისბუქლაივში.

დრო: 25 ივნისი, 19:00 საათი

ადგილი: ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი