თბილისი მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტირება მიმდინარეობს, რომლის პირველი ეტაპიც უკვე დასრულებულია.

მისივე თქმით, საუბარია დაახლოებით, 37 000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე.

"გლდანის პატარა ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რათა ტბასთან რეკრეაციული მწვანე სივრცე შეიქმნას. პროექტის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მინდა აღვნიშნო, რომ ევროპის საბჭოს დახმარებით, სამოქალაქო ჩართულობის პლატფორმა დაფუძნდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ადგილობრივი მცხოვრებლები არიან ჩართული. მუშავდება ერთიანი კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ადგილის განვითარება", — განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, პროექტის თანახმად, პარკის დიდი ნაწილი შემოისაზღვრება მწვანე ცოცხალი ღობით, დაირგვება ხე-მცენარეები და დაიგება ბალახის საფარი, მოეწყობა ორი შესასვლელი, საჩრდილობლები, საბავშვო მოედანი, ცხოველებისთვის განკუთვნილი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები, ველო და საფეხმავლო ბილიკები. ასევე, განთავსდება სკამები და ურნები. ტბაზე გაივლის საინტერესო დიზაინის პირსი, საიდანაც შესაძლებელი იქნება, ფრინველებსა და გარემოზე დაკვირვება.

ამასთანავე, კალაძის თქმით, პარკი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პარკში განთავსდება მცირე ზომის მედიათეკაც.