ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას მიესალმება და წუხს, რომ ცლილებების მიღებამ ზღვარზე გაიარა, რადგან 115 მხარდამჭერი ჰყავდა. დიპლომატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის ცვლილებების 142 ხმით მხარდაჭერას ელოდა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული რაოდენობის ხმები მესამე კენჭირსყრაზე მაინც ექნება.

"მივესალმები საკნოსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით მიღებას. ვწუხვარ ვიწრო ზღვარზე და ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის 142 ხმა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე საბოლოო მოსმენაზე, 29 ივნისს", — წერს ჰარცელი.

მანამდე კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი კენჭისყრასაც გამოეხმაურა, რომლის დროსაც ცვლილებიბი 136 ხმით გავიდა და თქვა, რომ მან 8 მარტის შეთანხმების შემდეგ ცვლილების მხარდამჭერი 142 ხმა დათვალა.

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრას 119 დეპუტატი ესწრებოდა, ცვლილებებს მხარი 115-მა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 3. დღევანდელ მოსმენას, წინასგან განსხვავებით, არ ესწრებოდა ევროპული საქართველო. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამაც.

ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.

პირველ მოსმენაზე ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭირსყრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭრდნენ: ემზარ კვიციანი, ნატო ჩხეიძე, ბიძინა გეგიძე, დავით ჭიჭინაძე და ალექსანდრე ერქვანია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ნაციონალურ მოძრაობასაც. ასევე, ცნობილი იყო, რომ უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.

აღნიშნულ შეთანხმებას ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დიპლომატების შუამავლობით ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 8 მარტს მიაღწიეს.

ცვლილება შეეხება საარჩევნო ბარიერსაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი აქამდე პარტიას პარლამენტში მოსახვედრად მოსახლეობის 5%-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა, ახალი სისტემით 1%-იანი ბარიერის გადალახვაც საკმარისი იქნება.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდნენ, ე.წ. 40%-იანი ჩამკეტის შემოღებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ პოლიტიკური ძალა, რომელსაც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერა ექნება, პარლამენტში კი მოხვდება, მაგრამ მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

რაც შეეხება ოლქებს, ცნობილია, რომ თბილისში 8 სამაჟორიტარო ოლქი იქნება.

საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის ივნისში პირობა გასცა, რომ ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, თუმცა ნოემბერში აღნიშნული ცვლილელები პარლამენტში თავად ქართულმა ოცნებამ ჩააგდო.