იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს "სარდაფში ჩატარებული კვლევები" არაერთხელ უმხელიათ. ამ თემაზე კომენტარი მან მთავარ არხთან გააკეთა.

"რაც შეეხება ამ სარდაფში ჩატარებულ კვლევებს, ეს ჩვენ არაერთგზის გვიმხელია მათი ამგვარი დასკვნები, გვიმხელია იქ საველე სამუშაოს ჩამტარებლებიც და შემდგომში ვინც ამ შეკრებილი მონაცემების დამუშავებას და ანალიზს ახდენს ისინიც. [...] ეს მეთოდები და რესპონდენტები არის ისეთნაირად შერჩეული, რომ მაქსიმალურად მიიღონ შედეგი, რათა უარყოფითად წარმოჩინდეს სასამართლო ხელისუფლება", — თქვა გვრიტიშვილმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ხოლო 40% თვლის, რომ კლანის გავლენის ქვეშ არის.

გამოკითხულთა 48% თვლის, რომ საქართველოში გავრცელებულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება. 38%-ს კი მიაჩნია, რომ ამგვარი დაპატიმრება არ არის გავრცელებული.

ამავე კვლევის მიხედვით, საზოგადოების 72% პროცენტი მიიჩნევს, რომ პროკურატურა სრულად ან ნაწილობრივ მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურება.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2,2 პროცენტია.