ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები მის წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებენ, ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას. ასე გამოეხმაურა კილაძე 52 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებმაც გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმარეს, რომ ის ახალ წევრად არ აირჩიონ.

კილაძის თქმით, კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას არც პროცედურები დარღვეულა და არასამთავრობოებს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ როცა NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, ამიტომ გავაგრძელებ სწორი გზით სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტას ვაფასებთ.
ამ NGO-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოცემულია სულ ტყუილები და ფეიკ ნიუსები. არავითარი პროცედურა არ დარღვეულა და ტყუილების ნაწილში გეტყვით ერთ დიდ ტყუილს, რომ სოფო კილაძეს არ აქვს საერთო არც ბავშვის უფლებათა კოდექსთან, არც სოციალური მუშაობის რეფორმასთან, მაშინ როცა ერთ და მეორე შემხვევაშიც, იდეის ავტორიც მე გახლავართ და მის განხოეციელებას და იმპლემენტაციასაც მე თავად ვუდგავარ სათავეში", — განაცხადა კილაძემ.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე 52 არასამთავრობო ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართვას, რომ პარლამენტის დეპუტატი სოფო კილაძე ახალ წევრად არ აირჩიონ. ივნისის ბოლოს აღნიშნულმა კომიტეტმა 9 ახალი წევრი უნდა აირჩიოს.

მონაწილე სახელმწიფოები კომიტეტის მომავალ კანდიდატებს გამჭვირვალე და ღია კონკურსის წესით არჩევენ და წარუდგენენ კომიტეტს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე წარადგინა.

როგორც ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას გაეროს რეკომენდაციები პროცედურებთან შედარებით გათვალისწინებული არ იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კილაძე არ უნდა აირჩიონ კომიტეტის წევრად, რადგან მისი კვალიფიკაცია, რეპუტაცია და შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების დარღვევა ამის საფუძველს არ იძლევა.

რაც შეეხება კანდიდატის შერჩევის ღიაობას, განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს მოთხოვნით, კონკურსი უნდა იყოს ღია, კანდიდატებთან ჩატარდეს საჯარო გასაუბრება და ყველა დაინტერესებულ პირს კონკურსში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს. როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, სოფო კილაძე საზოგადოებისგან ფარულად შეირჩა.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სოფო კილაძე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ სოფიო კილაძესთან დაკავშირებით სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც ის ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ კანდიდატად. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შერჩევის დროს და ახლაც ის პარლამენტის დეპუტატია, რის გამოც არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელი დამოუკიდებელი კანდიდატია.

ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ორგანიზაციები ასევე გამოყოფენ სოფო კილაძის სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობას.

განცხადებაზე ხელმომწერი 52 ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს თხოვნით მიმართავს, რომ გაითვალისწინონ კრიტიკული შეფასებები და სოფო კილაძის არჩევა არ დაუშვან.