WWDC 2020 წელს ნამდვილად უნიკალური იყო. დეველოპერების კონფერენცია სრულად ონლაინ ფორმატში და საკმაოდ სანახაობრივად ჩატარდა. კონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენ მოსალოდნელ სიახლეებზე ვისაუბრეთ. ახლა კი დროა, შევაჯამოთ კომპანიის 18 ყველაზე მნიშვნელოვანი ანონსი — ყველაფერი, რასაც ველოდებოდით და არ ველოდებოდით.

1. iOS 14 — მობილური ოპერაციული სისტემის მნიშვნელოვანი განახლება

ეფლმა პირველად გვანახა iOS 14, რომლის ფინალურ ვერსიას აიფონის მომხმარებლები წლის ბოლომდე მიიღებენ. ყველაზე თვალშისაცემი ცვლილება ვიჯეტებს უკავშირდება, რომლებიც აიფონის მთავარ ეკრანზე განლაგდება. ერთი შეხედვით, თითქოს თქვენი სმარტფონის მთავარი ეკრანი Apple Watch-მა დაიპყრო. აღნიშნულმა ცვლილებამ iOS ოპერაციული სისტემის ინტერფეისი მნიშვნელოვნად შეცვალა. ვიჯეტებს სხვადასხვა ზომა და ფორმა ექნებათ, რათა მომხმარებელმა აპლიკაციის გახსნის აუცილებლობის გარეშე უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შეძლოს. მთავარ ეკრანზე კი უფრო მეტი ვიჯეტის გადმოტანას თქვენი ვიჯეტების გალერეადან შეძლებთ.

მეორე სიახლე აპლიკაციების ბიბლიოთეკაა. ახალი ფუნქცია აპლიკაციებს მათი კატეგორიის მიხედვით დაახარისხებს, რაც მთავარი ეკრანის მეორე და მესამე გვერდზე არსებული აპლიკაციების სწრაფ მოძიებაში დაგეხმარებათ.

Picture-in-Picture (PiP) ახალ iOS 14-ში საშუალებას გაძლევთ, მარტივად გამოხვიდეთ ვიდეოს სრულეკრანიანი რეჟიმიდან და გააგრძელოთ აიფონზე სხვა ამოცანების შესრულება ისე, რომ ვიდეოს მინი-ფანჯარა კვლავ მთავარ ეკრანზე იქნება ზუსტად იქ, სადაც თქვენ ისურვებთ. მართალია, PiP თავისთავად უნიკალურ ფუნქციას არ წარმოადგენს, თუმცა აიფონში მას მაინც ექნება საინტერესო შესაძლებლობა. პირობითად, თუ მოკლე ხნით გჭირდებათ ვიდეოს მინი ფანჯრის დამალვა მთავარი ეკრანის სრული გამოჩენისთვის, საკმარისია, ის ეკრანის გვერდზე დამალოთ და შემდეგ იქვე გაჩენილი ღილაკით უკან დააბრუნოთ.

2. Memoji-ს გაუმჯობესება iOS 14-ში

iOS 14-თან ერთად უმჯობესდება და უფრო მრავალფეროვანი ხდება Memoji, რომელსაც ასაკობრივი ვარიაციები, აქსესუარები, პირბადე და ისეთი ემოციები დაემატა, როგორიცაა, მაგალითად, ლოყების გაწითლება. განსაკუთრებული არაფერია, თუმცა მემოჯის მოყვარულთათვის ეს ნამდვილად სასიამოვნო განახლებაა.

3. ეფლის რუკების განახლება — სპეციალური რუკები ველოსიპედის და ელექტროავტომობილის მფლობელებისთვის

iOS 14-ში მნიშვნელოვანი განახლება ეფლის რუკებსაც შეეხო. სერვისის განახლების შემდეგ ველოსიპედის მფლობელი რუკაზე მიიღებს ინფორმაციას ციცაბო აღმართებისა და კიბეების შესახებ, რომლებიც მას გზად შეხვდება. მარშრუტის მსგავსი დეტალიზაცია ჯერჯერობით მხოლოდ ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, სან-ფრანცისკოში, შანხაისა და პეკინში იმუშავებს, თუმცა, კომპანიის თქმით, ქალაქების რიცხვი განახლების გამოსვლიდან რამდენიმე თვეში კიდევ გაიზრდება.

გარდა ამისა, ელექტრომანქანების შემთხვევაში მარშრუტის დაგეგმვისას აპლიკაცია გაითვალისწინებს ავტომობილის დამუხტვის დონეს და დამტენი სადგურების განლაგებას, რათა ავტომობილი შუა გზაში არ გაჩერდეს.

4. ავტომობილის ციფრული გასაღები iOS 13/iOS 14-ზე

ეფლმა ავტომობილის გაღების და დაქოქვის ახალი მეთოდი ჯერჯერობით მხოლოდ BMW 5 Series მოდელებისთვის წარმოადგინა. თქვენი ავტომობილის გასაღების დამატება Apple Wallet-შია შესაძლებელი, ხოლო მანქანის გაღებისთვის აიფონი NFC ტექნოლოგიას იყენებს. ავტომობილის გასაღები თქვენს iCloud-ზე ინახება, თუმცა სურვილის შემთხვევაში მისი მარტივად წაშლა არის შესაძლებელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელს საკუთარი ავტომობილის ციფრული გასაღების ასლის შექმნის შესაძლებლობაც აქვს. სხვისთვის შექმნილ გასაღებში ავტომობილის მფლობელს გარკვეული შეზღუდვების დაწესებაც შეუძლია.

5. App Clips iOS 14-ზე

კომპანიამ პირველად წარმოადგინა App Clips, რომელიც ფუნქციურად ანდროიდის Instant Apps გვაგონებს. ახალი ფუნქციის გამოყენებით თქვენ აღარ დაგჭირდებათ სრული აპლიკაციის გადმოწერა იმისთვის, რომ კონკრეტული სერვისით ისარგებლოთ. აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისაც არ სურს ზედმეტი აპლიკაციების გადმოწერა საკუთარ აიფონზე.

6. რამდენიმე სიახლე iPadOS 14-დან

iOS 14-ის მსგავსად, ვიჯეტების მხარდაჭერა iPad OS 14-მაც მიიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა მათი მთავარ ეკრანზე განლაგება ზუსტად ისე, როგორც აიფონზე.

აიპედის აპლიკაციებში სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ნავიგაციის გასამარტივებლად გვერდითა პანელი გამოჩნდა.

გარდა ამისა, აიპედმა ახალი საძიებო სისტემა მიიღო, რომელიც macOS-ის Spotlight-ს იმეორებს.

7. iPadOS 14-ში ხელნაწერ ტექსტთან მუშაობა გაუმჯობესდა

ეფლმა ახალი ფუნქცია, Scribble წარმოადგინა, რომელიც აიპედის მომხმარებელს საფირმო კალმით, Apple Pencil-ით ტექსტის ნებისმიერ ველში წერის საშუალებას აძლევს და მას ბეჭდურ ფორმტაში გარდაქმნის. გარდა ამისა, ფუნქცია აღიქვამს ხელნაწერი ტექსტის კონტექსტს, იქნება ეს ტელეფონის ნომერი თუ მისამართი და შესაბამის აპლიკაციაში გამისამართებთ.

ჯერჯერობით ფუნქცია მხოლოდ რამდენიმე ენას აღიქვამს და მათ შორის ქართული არაა.

8. AirPods: მოწყობილობებს შორის მარტივი გადართვა

ეფლი AirPods-ის პროგრამულ უზრუნველყოფას ანახლებს, რის შემდეგაც ყურსასმენები ავტომატურად გადაერთვებიან იმ მოწყობილობაზე, რომლიდანაც აუდიოფაილის დაკვრა იწყება.

9. AirPods Pro: ხმის სივრცული ჟღერადობა

ეფლი AirPods Pro-ში აქსელერომეტრის გამოყენებით ხმის სივრცულ ჟღერადობას უზრუნველყოფს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყურსასმენებში მოწყობილობის ან თავის მდგომარეობის შეცვლისას ხმა ბუნებრივად შექმნის ჟღერადობის საჭირო იმიტაციას. მსგავსი ყურსასმენებით ფილმის ყურება ძალიან ეფექტური იქნება.

10. watchOS 7: საათის გაფორმების მარტივი გაზიარება და მიღება

მოგწონებიათ ეფლის საათის ციფერბლატის გაფორმება, მაგრამ არ იცით, სად ნახოთ მსგავსი? ეფლი ამარტივებს ახალი გაფორმების ძიების პროცესს ახალი ფუნქციით, სახელად Face Swapping. განახლების შემდეგ საათის ახალი გაფორმების დამატება პირდაპირ დეველოპერის ვებ-გვერდიდან ან სოციალური ქსელიდან იქნება შესაძლებელი.

11. watchOS 7-ში თქვენი საათი ცეკვის თრექინგს განახორციელებს

ფიტნეს აპლიკაცია Apple Watch-ში გარკვეული საცეკვაო მოძრაობების თრექინგისთვის გიროსკოპს, აქსელერომეტრს და გულისცემის სიხშირის მონაცემებს იყენებს. ეფლი პირველი კომპანიაა, რომელმაც ცეკვა ცალკე სავარჯიშო სახეობად გამოყო.

12. watchOS 7: ძილის მონიტორინგი

ძილის მონიტორინგისთვის ეფლი მანქანური დასწავლის ტექნოლოგიასა და მოძრაობის სენსორებს იყენებს. აიფონის აპლიკაცია ძილის მონიტორინგისთვის არ საჭიროებს Apple Watch-თან კავშირს, თუმცა ასეთის არსებობის შემთხვევაში მონაცემები ბევრად ზუსტი იქნება. პრეზენტაციისას ამ ფუნქციის შესახებ ბევრი არაფერი უთქვამთ, ამიტომ მისი გამოყენების ეფექტიანობას დროთა განმავლობაში შევაფასებთ.

13. watchOS 7: ხელების დაბანის მონიტორინგი

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს ხელების ხშირი დაბანა უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა. ამის გამო watchOS 7 მანქანური დასწავლის გამოყენებით დაადგენს, როდის იწყებთ ხელების დაბანას და 30-წამიანი უკუთვლით გეხმარებათ, ზუსტად შეასრულოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია.

14. ეფლი ჭკვიანი სახლის ახალ სტანდარტს გუგლთან, ამაზონთან და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად ქმნის.

ეფლს ჭკვიანი სახლისთვის საჭირო ტექნოლოგიების ნაკრების გაფართოება სურს, რომლებსაც კომპანიის მომხმარებლები HomeKit-თან თავსებადი მოწყობილობების საშუალებით გამოიყენებენ. ზუსტად ამ მიზნით ეფლმა გუგლთან, ამაზონთან, Zigbee-სთან და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად ალიანსიც კი შექმნა.

15. Apple TV: მრავალმომხმარებლიანი ინტერფეისის მხარდაჭერა Apple Arcade-ისთვის

თუ აქამდე Apple Arcade-ში პროფილებს შორის გადართვა საკუთარი პროგრესის დაკარგვის გარეშე სირთულეს წარმოადგენდა, მომდევნო განახლებით ეს პრობლემა აღარ იარსებებს. კომპანიამ Apple TV-სთვის უსადენო Xbox Elite 2-ის და Xbox Adaptive კონტროლერების მხარდაჭერაც დაამატა.

16. tvOS 14: ახალი Picture-in-Picture ფუნქცია

ნებისმიერი ვიდეოაპლიკაცია Apple TV-ში PiP რეჟიმშიც იმუშავებს. მარტივად რომ ვთქვათ, ტელევიზორში ერთდროულად უფრო მეტი რამის ყურების შესაძლებლობა გექნებათ.

17. macOS Big Sur: მეტი iOS ახალ მაკ კომპიუტერებში

კომპანია ეფლმა საკუთარი დესკტოპ კომპიუტერებისთვის ოპერაციული სისტემის შემდეგი განახლება წარმოადგინა. განახლების შემდეგ ოპერაციულმა სისტემამ დიზაინის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რითაც მეტად დაემსგავსა iOS და iPadOS-ს. ინტერფეისის და დიზაინის გარდა macOS Big Sur-ში iOS/iPadOS 14-ის ფუნქციების ნაწილიც გამოჩნდა, როგორებიცაა, მაგალითად, გაუმჯობესებული iMessage მიმოწერის მიპინვის, ჯგუფური ჩატის შექმნის და მემოჯის რედაქტირების შესაძლებლობით.

18. Apple Silicon: ახალი ინიციატივა Mac კომპიუტერების საკუთარი წარმოების ARM პროცესორებზე გადასაყვანად

მრავალი წლის განმავლობაში ეფლი საკუთარ დესკტოპ კომპიუტერებსა თუ ლეპტოპებში ინტელის პროცესორებს იყენებდა, თუმცა ამიერიდან კომპანია საკუთარი წარმოების პროცესორებზე გადადის. კომპანიის თქმით, გარდამავალი პერიოდი დაახლოებით 2 წელიწადს გასტანს, რაც საბოლოოდ ინტელის პროცესორების გამოყენებას ეფლის პროდუქციაში წერტილს დაუსვამს.

კომპანიამ უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა მძლავრი ARM ჩიპების წარმოების კუთხით და ლოგიკურიცაა, რომ ეს მომენტი ადრე თუ გვიან მაინც დადგებოდა.

აღნიშნული ცვლილება ნამდვილად ისტორიულია. ეფლისთვის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯს როგორც აპარატულ, ისე პროგრამულ დონეზე. ახალი არქიტექტურის გამოყენებით, მომავალ მაკებში წარმატებით იმუშავებს ყველა ძველი აპლიკაცია, რომელიც ინტელის პროცესორისთვის შეიქმნა და ყველა აპლიკაცია, რომლებსაც ჩვენ აიპედებსა და აიფონებზე ვიყენებთ.