სპორტდარბაზში სიარულისა და დაუღალავი ვარჯიშის მიზანი სხეულის შეცვლა და გაჯანსაღებაა.
ფიტნესით გატაცებულ ყველა ადამიანს უნდა სასურველი შედეგი მალე დაინახოს, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად ივლით დასახული მიზნისკენ. სანამ სხეულის ფორმების სრულყოფასა და ფიზიკურ დატვირთვას შეუდგებოდეთ, სჯობს, ყურადღებით შეარჩიოთ საკვები თუ სასმელი, რომელსაც ყოველდღიურად მიირთმევთ. ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ სირბილი და სიმძიმეების აწევა არაა. ეს არის თანმიმდევრული სისტემა, რომელშიც კვება და აქტივობა თანაბრად მნიშვნელოვანია.

დღეს გადავწყვიტე ის 5 ყველაზე მავნე სასმელი გაგაცნოთ, რომელსაც ფიზიკური დატვირთვის დაწყებამდე უნდა მოერიდოთ.

ალკოჰოლური სასმელები

ფოტო: Goncharov_Artem / Shutterstock

რა თქმა უნდა, სიაში პირველი ალკოჰოლია. ეს ალბათ თავადაც იცოდით, მაგრამ თუ კითხვას განაგრძობთ, ნახავთ, რომ ერთი შეხედვით უვნებელ ნივთიერებებს არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლიათ, ვიდრე ლუდს, ღვინოს ან არაყს.

თუ ალკოჰოლი გიყვართ, მისი მიღებისას ზომიერება გმართებთ. ვარჯიშის დაწყებამდე კი სჯობს საერთოდ დაივიწყოთ მისი არსებობა. ალკოჰოლი იწვევს სხეულის გაუწყლოებას, გიკარგავთ კონცენტრაციის უნარს და მოტივაციაზეც უარყოფითად მოქმედებს.

ენერგეტიკული სასმელები

ფოტო: fitstylelife

ვარჯიშის დაწყებამდე ენერგეტიკული სასმელის მიღებასაც არაა სასურველი. ენერგეტიკული ნივთიერებები დიდი რაოდენობით შეიცავენ ცილებს, ცხიმებს და, რაც ყველაზე ცუდია, შაქარს. თუ მაინც ვერ ამბობთ უარს, მიიღეთ ვარჯიშის შემდეგ, აღსადგენად და არა დაწყებამდე. ალტერნატივად შეგიძლიათ რძის შრატის ცილა ან წყალი განიხილოთ.

ხილის სასმელები

ფოტო: Nitr / Shutterstock

როგორი ნატურალურიც არ უნდა იყოს წვენი, დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს. საკვები დანამატი, სიმინდის სიროფი, რომელიც თითქმის ყველა წვენის ინგრედიენტია, საკმაოდ კალორიულია. ყიდვის ნაცვლად შეგიძლიათ თქვენი ხელით დაწუროთ უშაქრო წვენი, ან არჩევანი ქოქოსის წყალზე შეაჩეროთ.

გაზიანი სასმელები

ფოტო: Markus Mainka / Shutterstock

სპორტდარბაზში სიმძიმეების აწევამდე თუ გაზიან სასმელს ხშირად სვამთ, შეიძლება ვარჯიშის დროს დისკომფორტი შეგექმნათ. დიდი დოზით ნატრიუმის მიღება მუცლის ტკივილს, შებერილობასა და გაუწყლოებას იწვევს. სითხის სწორი ბალანსი კი ეფექტური ვარჯიშის გასაღებია.

სპორტული სასმელები

ფოტო: Chuck Wagner / Shutterstock

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სპორტული სასმელებიც არაა სასარგებლო ჯანმრთელობისთვის. მართალია, ისინი შაქრის ნაცვლად სასარგებლო ელექტროლიტებს შეიცავენ, მაგრამ მათი უმრავლესობა სოდაზეა დამზადებული. სოდის რეგულარულ მიღებას კი შეუძლია თქვენს ვარჯიშზე არასახარბიელო გავლენა იქონიოს.

როდესაც ორგანიზმი სასმელს გთხოვთ, უმჯობესია დალიოთ უბრალოდ წყალი. ის მოგიკლავთ წყურვილს, გამოგაცოცხლებთ და თქვენი ძალისხმევაც მალე გამოიღებს სასურველ შედეგს.