Covid-19 გადატანილ სიმპტომურ და ასიმპტომურ პაციენტებში 2-3 თვის თავზე ანტისხეულების რაოდენობა მნიშვნელოვად მცირდება — ვკითხულობთ ჩინელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში. აღნიშნული მოსაზრება კორონავირუსის იმუნიტეტის ხანგრძლივობის შესახებ საგულისხმო კითხვებს აჩენს.

18 ივნისს ჟურნალში Nature გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ხაზგასმით მიანიშნებს ე.წ. "იმუნიტეტის პასპორტების" პრაქტიკაში დანერგვის რისკებზე და მხარს უჭერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების (სოციალური დისტანცია, მაღალი რისკ-ჯგუფების იზოლირება) გაგრძელებას.

გერმანიის ჯანდაცვის მესვეურები "იმუნური პასპორტების" შემოღებას ეთიკურ პრობლემად განიხილავენ. მათი აზრით, ორგანიზმში ანტისხეულების მაღალი ტიტრი არ უნდა წყვეტდეს, ვის შეეძლება თავისუფლად გადაადგილება და ვის — ვერ.

კვლევაში 37 ასიმპტომური და 37 გამოხატული სიმპტომების მქონე პაციენტი იღებდა მონაწილეობას. როგორც დადგინდა, დაავადების გადატანიდან 2-3 თვის თავზე 90% შემთხვევაში პაციენტთა ორგანიზმში IgG ანტისხეულების რაოდენობა მკვეთრად იყო დაქვეითებული.

სიმპტომური და ასიმპტომური პაციენტებისთვის ანტისხეულების კლების მედიანური მაჩვენებელი 70%-ს აღემატებოდა. სისხლის პლაზმაში მანეიტრალიზირებელი ანტისხეულების მედიანური პროცენტული კლება სიმპტომურ პაციენტებში 11,7%, ხოლო ასიმპტომურ ინდივიდებში — 8,3% იყო. კვლევის ავტორები ჩუნცინის უნივერსიტეტის მეცნიერები არიან. ეს უკანასნელი ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ვირუსოლოგის, ჯინ დონ-იანის აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ იმუნური სისტემის სხვა ნაწილები თავდაცვით რეაქციაში არ მონაწილეობენ (იგი ამ კვლევაში არ მონაწილეობდა).

ზოგიერთი იმუნური უჯრედი პირველი ინფიცირების შემდეგ ვირუსს იმახსოვრებს, რაც მას საშუალებას აძლევს, განმეორებითი შემოჭრისას თავი წარმატებით დაიცვას, ამბობს პროფესორი დონ-იანი. ამჟამად, მეცნიერები ამ თეორიის მართებულობას კორანავირუსის შემთხვევაში აქტიურად იკვლევენ.

"ამ სტატიაში გამოქვეყნებული შედეგები ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ცა თავზე გვექცევა", — აღნიშნა ჯინ დონ-იანმა და ხაზი გაუსვა, რომ კვლევაში პაციენტთა მხოლოდ მცირე რაოდენობა იყო ჩართული. საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად კი მათი რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა იყოს.