ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე კვლავ ამბობს, რომ მათი პარტია არ მიიღებს საარჩევნო რეფორმის კენჭისყრაში მონაწილეობას მანამ, სანამ არ შესრულდება შეთანხმება სრულად და არ განთავისუფლდება გიორგი რურუა.

"[ივანიშვილი] გაათავისუფლებს რურუას. დღეს იქნება თუ ხვალ, ამას ვნახავთ. ივანიშვილს არ აქვს კონსტიტუციის ჩაგდების რესურსი. კორონავირუსი რომ დაემართოს ქართული ოცნების დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს და დააჭერინებს პულტზე ხელს. მიიღებს კონსტიტუციას იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ზეწოლაა გარედან".

გოცირიძის შეფასებით, კონსტიტუციის ცვლილებების ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიღება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი ისევ აპირებს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას:

"რასაც ჰქვია მოსყიდვა, ძალადობა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება".

დღეს, 23 ივნისს პარლამენტი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს. იმისთვის, რომ პროექტი მესამე მოსმენაზე გავიდეს სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. როგორც ცნობილია, წინასგან განსხვავებით მეორე მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობა ევროპული საქართველო არ მიიღებს.