სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ანა დოლიძეს ორგანიზაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით არ ენდოს. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის სუფთა წარსული მნიშველოვანია.

"ანამ დაგვარწმუნა, რომ 1 თეთრი არ მიუღია დაფინანსება რიჟასგან [გიორგი კაპანაძისგან] მე, რა თქმა უნდა, ანა დოლიძის თვალთვალს ვერ დავიწყებ და ვიდეოკამერას ვერ დავუმაგრებ, მაგრამ მე მისი მჯერა, სიტყვაზე ვენდობი, დეტალური ბუღალტერია არ მომითხოვია, არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო. თუ ეს ასე არ აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან სერიოზული გულდაწყვეტა კი არა, უფრო მეტი იქნება, მაგრამ არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ მას არ ვენდო", — თქვა ალეკო ელისაშვილმა.

მან თქვა, რომ არ სურს მის გვერდით იყოს ადამიანი, რომელსაც საეჭვო რეპუტაციის ბიზნესმენი ან სხვა ადამიანი აფინანსებს. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი კაპანაძისგან რაიმე დაფინანსების მიღება მისთვის მიუღებელია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით მათ მემორანდუმს ხელი 18 ივნისს მოაწერეს. ისინი პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავენ.