იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ ანა დოლიძის მიერ საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება დაგვიანებული იყო. როგორც მან რუსთავი 2-თან მტკიცებით, ანა დოლიძის საქმიანობამ სასამართლო ხელისუფლება დააზარალა.

"ჩვენ მივუთითებდით ძალიან დიდი დროით ადრე დღევანდელ დღემდე, შეიძლება რამდენიმე წელია უკვე ვსაუბრობთ, რომ ის დაკავებულია აქტიური პოლიტიკით, ჩართული იყო იმ საკითხების განხილვაში, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში და არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლო ხელისუფლებასთან", — განაცხადა მიქაუტაძემ.

დღეს, 22 ივნისს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტს მიმართავს და საბჭოს დატოვებს. დოლიძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭო ვეღარ იქნება ასპარეზი მისი ბრძოლისთვის, რადგან მის წინააღდეგ დაიწყო "ორკესტრირებული ბინძური პიარკამპანია".

ანა დოლიძემ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან, ალეკო ელისაშვილთან და მის თანაგუნდელ ლევან იოსელიანთან გაერთიანდა და პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.

საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ ეს უკანონოა. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაცაა, რომ დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება მის თანამდებობასთან შეუთავსებელია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებაც გავრცელა და დოლიძეს მოუწოდა, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებდა, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიეღო.

ანა დოლიძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონით პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა გათვალისწინებულია, თუმცა კონსტიტუციით — არა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანა დოლიძე მიიღებდა "დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას".

პასუხად დოლიძემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო და ის კანონს არ არღვევდა. მან კლანთან კავშირში დაადანაშაულა მისი თანამებრძოლი ანა ჯანეზაშვილი და განაცხადა, რომ თუ პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტდა, იუსტიციის საბჭოს დატოვებაზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებდა.

ამავე თემაზე: