ადამიანის უფლებებზე მომუშავე 52 არასამთავრობო ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართვას, რომ პარლამენტის დეპუტატი სოფო კილაძე ახალ წევრად არ აირჩიონ. ივნისის ბოლოს აღნიშნულმა კომიტეტმა 9 ახალი წევრი უნდა აირჩიოს.

მონაწილე სახელმწიფოები კომიტეტის მომავალ კანდიდატებს გამჭვირვალე და ღია კონკურსის წესით არჩევენ და წარუდგენენ კომიტეტს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე წარადგინა.

როგორც ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას გაეროს რეკომენდაციები პროცედურებთან შედარებით გათვალისწინებული არ იყო.

"[სახელმწიფომ] კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე, რომელიც, ჩვენი შეფასებით, არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით. ქალბატონი კილაძე ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით", — აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კილაძე არ უნდა აირჩიონ კომიტეტის წევრად, რადგან მისი კვალიფიკაცია, რეპუტაცია და შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების დარღვევა ამის საფუძველს არ იძლევა.

რაც შეეხება კანდიდატის შერჩევის ღიაობას, განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს მოთხოვნით, კონკურსი უნდა იყოს ღია, კანდიდატებთან ჩატარდეს საჯარო გასაუბრება და ყველა დაინტერესებულ პირს კონკურსში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს. როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, სოფო კილაძე საზოგადოებისგან ფარულად შეირჩა.

"კანდიდატის შერჩევის პროცედურების დაწყების შესახებ მთავრობამ ინფორმაციაც კი არ გახადა საჯარო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ეს ინფორმაცია არ გაუზიარებია სახელმწიფოს. უკვე შერჩეული კანდიდატის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებამ მხოლოდ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფიციალური გვერდიდან, მას შემდეგ გაიგო, რაც უკვე წარდგენილი იყო კანდიდატი", — აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სოფო კილაძე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში:

"სოფიო კილაძის წარსული გამოცდილება არ ფარავს ბავშვთა უფლებების სფეროს, მას არ აქვს აკადემიური ან სხვა სახის სამეცნიერო სამუშაოები ჩატარებული ამ მიმართულებით, რაც დაადასტურებდა მის საექსპერტო და უფლებადაცვით გამოცდილებას, რომელიც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოეთხოვება კომიტეტის წევრობის კანდიდატს".

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ სოფიო კილაძესთან დაკავშირებით სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც ის ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ კანდიდატად. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შერჩევის დროს და ახლაც ის პარლამენტის დეპუტატია, რის გამოც არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელი დამოუკიდებელი კანდიდატია.

ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ორგანიზაციები ასევე გამოყოფენ სოფო კილაძის სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობას:

"სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი კანდიდატი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორთან ღია და ცხადი დაპირისპირებით. ის სიტყვიერად თავს ესხმის უფლებადამცველებს, შედის კონფრონტაციაში ადამიანის უფლებათა აქტივისტებთან, გამოირჩევა ჰომოფობიური და სხვაგვარი დისკრიმინაციული განწყობებით. მას აქვს მილიტარისტული მოტივები ბავშვებთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ბავშვებში უნდა ჩადოს ინვესტიცია რომ გახდნენ ჯარისკაცები და ემსახურონ ქვეყნის სამხედრო ძალებს".

განცხადებაზე ხელმომწერი 52 ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს თხოვნით მიმართავს, რომ გაითვალისწინონ კრიტიკული შეფასებები და სოფო კილაძის არჩევა არ დაუშვან.