"ანა დოლიძის გადადგომით დადასტურდა აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც მე აქამდე ვამბობდი, ხოლო მისი მხრიდან იმის მტკიცება რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა, იყო თვალთმაქცობა", — ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კოლეგის, ანა დოლიძის მიერ საბჭოს დატოვებას. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი დოლიძემ თავის დროზე არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება.

"პოლიტიკაში წასვლა მისი არჩევანია და მას ამის სრული უფლება აქვს, უბრალოდ საბჭოს წევრობასთან მისი საქმიანობა ამდენი ხნის განმავლობაში იყო შეუთავსებელი და კანონდარღვევა. ანა დოლიძე ისე წავიდა საბჭოდან, რომ კითხვას მისი დაფინანსების შესახებ არ უპასუხა", — დაწერა მან ფეისბუქგვერდზე.

ანა დოლიძის განცხადებით, საბჭოს დატოვებაზე დღეს პრეზიდენტს მიმართავს და მომავალში მთელ რესურს მის ახალ პლატფორმას, მოძრაობა ხალხისთვის დაახარჯავს. დოლიძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭო ვეღარ იქნება ასპარეზი მისი ბრძოლისთვის, რადგან მის წინააღდეგ დაიწყო "ორკესტრირებული ბინძური პიარკამპანია".

"ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, ყველა შესაძლებლობით და ყველა ფასად არ დაუშვას საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების შექმნა, რომელსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია. [...]

ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე ორი წლის განმავლობაში მქონდა ამ შენობაში და შექმნას სეირი იუსტიციის საბჭოში, რომელსაც პოპკორნით სიამოვნებით უყურებს კლანი და ქართული ოცნების ხელისუფლება", — განაცხადა მან.

ანა დოლიძემ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძესთან, ალეკო ელისაშვილთან და მის თანაგუნდელ ლევან იოსელიანთან გაერთიანდა და პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.

საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ ეს უკანონოა. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაცაა, რომ დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება მის თანამდებობასთან შეუთავსებელია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადებაც გავრცელა და დოლიძეს მოუწოდა, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებდა, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიეღო.

ანა დოლიძესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონით პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა გათვალისწინებულია, თუმცა კონსტიტუციით — არა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანა დოლიძე მიიღებდა "დროულ და ღირსეულ გადაწყვეტილებას".

პასუხად დოლიძემ განაცხადა, რომ მის წინაააღმდეგ კამპანია დაიწყო და ის კანონს არ არღვევდა. მან კლანთან კავშირში დაადანაშაულა მისი თანამებრძოლი ანა ჯანეზაშვილი და განაცხადა, რომ თუ პოლიტიკაში წასვლას გადაწყვეტდა, იუსტიციის საბჭოს დატოვებაზე გადაწყვეტილებას თავად მიიღებდა.

ამავე თემაზე: