ჯადოსნური საზაფხულო თავგადასავლები, როგორც წესი, მოსალოდნელზე უფრო მალე სრულდება, თუმცა ეს არ ეხება Mamma Mia-ს: უახლოეს მომავალში, შესაძლოა, საბერძნეთის კუნძულებზე განვითარებული დაუვიწყარი ისტორიის გაგრძელება ვიხილოთ.

როგორც ამ ცნობილი მიუზიკლის პროდიუსერმა ჯუდი კრეიმერმა ინტერვიუში აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ მაყურებელმა მესამე ნაწილიც იხილოს:

"ვფიქრობ, ერთ დღესაც კიდევ ერთ ფილმს გადავიღებთ, რადგან ჩაფიქრებული იყო, რომ ეს ისტორია ტრილოგია ყოფილიყო. ვიცი, რომ არც კინოსტუდია Universal იტყვის უარს იმაზე, რომ კვლავ ვიმუშაო ახალ ნაწილზე".

Mamma Mia-ს პირველი ფილმი 2008 წელს გამოვიდა და კინოგაქირავებაში საოცარ წარმატებას მიაღწია: ფილმის შემოსავლებმა 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. 10 წლის შემდეგ, 2018 წელს გამოვიდა მეორე ნაწილიც, რომელმაც მაყურებლებისგან ნაკლებად დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა $395-მილიონიანი შემოსავლებით მაინც წარმატებულ პროექტად ითვლება.

Mamma Mia! Here We Go Again (2018)

ფოტო: Universal Pictures

როგორც ჩანს, საკულტო მუსიკალური ჯგუფის ABBA-ს სიმღერებით ხორცშესხმული ისტორია, რომელიც საოცრად კომიკურთან ერთად სევდიანი და ტრაგიკული იყო, ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ერთ დღესაც გავიგებთ, თუ რა ბედი ეწიათ საყვარელ პერსონაჟებს მას შემდეგ, რაც ისინი ბოლოს ეკრანზე ვიხილეთ.