რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ კენჭისყრას ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპულმა საქართველომ კენჭისყრაში მონაწილეობით გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, მომდევნო კენჭისყრებზე უფრო მკაფიო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ნაციონალურ მოძრაობასაც, რომელიც დღეს კენჭისყრას არ დაესწრო.

"ყველაფერი არის თითქმის, თითქმის შესრულებულია, მაგრამ ერთი პოლიტპატიმარი დარჩენილია. მე კმაყოფილი ვარ, რომ ელჩებმა განგაშის ზარი ატეხეს, რაღაც აყანყალდა ივანიშვილის ხელისუფლება, არ იყო სანდო, ევროპულმა საქართველომ მიიიღო გონივრული გადაწყვეტილება, მომდევნო კენჭისყრებზე ნაციონალურ მოძრაობასაც მოუწევს მიიღოს უფრო მკაფიო გადაწყვეტილება. თავად გიორგი რურუა ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული იმაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მისაღებია და ხელისუფლება თუ იცვლება ქვეყანაში, გიორგი რურუაც გამოდის გარეთ", — განუცხადა რუსთავი 2-ს ბერძენიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა ევროპული საქართველომაც. დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა ქართულ ოცნებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, საარჩევნო სისტემის ცვლილებები კვლავ ჩააგდოს. მისივე თქმით, ასე დარჩება მეტი დრო იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს "პოლიტიკური დევნის" ნაწილში და იმისთვის, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ნაციონალურ მოძრაობასაც. პარტიის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ შესრულდა და მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.

კენჭირსყრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭრდნენ: ემზარ კვიციანი, ნატო ჩხეიძე, ბიძინა გეგიძე, დავით ჭიჭინაძე და ალექსანდრე ერქვანია. ასევე, ცნობილი იყო, რომ უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.