სავარაუდოდ, რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომლის საქართველოში ვიზიტსაც გასულ წელს მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ქართულ Facebook-ჯგუფში — მილიონი ქართველი დაპოსტა.

ჯგუფში, რომელსაც 543 791 მოხმარებელი ჰყავს, გავრილოვმა 20 ივნისის ერთი წლისთავთან დაკავშირებით ჩაწერილი პროპაგანდისტული ვიდეომიმართვა გააზიარა. ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსი საქართველოში გამართულ აქციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "დამნაშავეებმა" აუცილებლად უნდა აგონ პასუხი და შესაბამისი სასჯელით. მან ბოდიშის მოხდის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ფოტო: On.ge

ფეისბუქ პროფილი, სავარაუდოდ, გავრილოვს ეკუთვნის. სწორედ აქ გამოქვეყნდა ვიდეო მიმართვა გუშინ, 20 ივნისის წლისთავზე. გვერდზე იძებნება 2019 წლის 20 ივნისის ფოტოც, როცა გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ზის. ფოტოს აქვს წარწერა:

"რადიკალების მიერ შენობის დაკავებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვტოვებთ საქართველოს პარლამენტის შენობას დაცვის თანხლებით".

20 ივნისის მოვლენებიდან 1 წელი გავიდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დილით საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტი დეპუტატი იხილა. სწორედ აქედან დაიწყო მშვიდობიანი პროტესტი, რასაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლა მოჰყვა, გავრილოვს კი ქვეყნის დატოვება მოუხდა.

პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. მთავარი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო, რომელიც აწერდა ხელს ასამბლეის დღის წესრიგს. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მცირე ნაწილმა გააჟღერა მოთხოვნები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა. ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა, ისე, რომ ამის შესახებ ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანები არ გააფრთხილა. გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შედეგად, რამდენიმე მოქალაქემ თვალი, ზოგმა კი მხედველობა დაკარგა. დაშავდა დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები.

გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ერთში აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრას ედავებიან, მეორეში კი, სამართალდამცავებს ძალის გადამეტებას.