საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი კენჭისყრას ეხმაურება და ამბობს, რომ მან 8 მარტის შეთანხმების შემდეგ ცვლილების მხარდამჭერი 142 ხმა დათვალა. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

"მე დავითვალე 142 ხმა, რომელიც 8 მარტის შეთანხმების შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერდა. მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო. იმედი მაქვს, საბოლოო წარმატების მისაღწევად ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას", — განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა ევროპული საქართველომაც. დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა ქართულ ოცნებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, საარჩევნო სისტემის ცვლილებები კვლავ ჩააგდოს. მისივე თქმით, ასე დარჩება მეტი დრო იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს "პოლიტიკური დევნის" ნაწილში და იმისთვის, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ნაციონალურ მოძრაობასაც. პარტიის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ შესრულდა და მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.

კენჭირსყრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭრდნენ: ემზარ კვიციანი, ნატო ჩხეიძე, ბიძინა გეგიძე, დავით ჭიჭინაძე და ალექსანდრე ერქვანია. ასევე, ცნობილი იყო, რომ უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.