ნობელის ლაურეატმა მალალა იუსაფზაიმ ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა და თავისი სიხარული ტვიტერიდან გაგვიზიარა:

"ოქსფორდის უნივერსიტეტში ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა დავასრულე და ისეთი გახარებული ვარ, მიჭირს კიდეც გამოხატვა. არ ვიცი წინ რა მელის, თუმცა ახლა ნეტფლიქსის, ძილისა და კითხვის დროა".

მალალა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში 2017 წელს მიიღეს. ფაკულტეტზე, რომელზეც ჩაირიცხა, სწავლობდნენ ბილ კლინტონი, დევიდ კამერონი და მსოფლიოს სხვა ლიდერები.

პაკისტანელი აქტივისტი 8 წლის წინ 15 წლის იყო, როცა თალიბებმა, რომლებიც გოგოებისთვის განათლების მიცემას ეწინააღმდეგებიან, თავში და მხარში დაჭრეს, სწორედ მაშინ, როდესაც ის სკოლიდან ბრუნდებოდა. ამის შემდეგ, მალალამ მსოფლიოს მასშტაბით გოგოების მხარდაჭერა დაიწყო და აცხადებდა, რომ განათლების მიღება მათი უფლებაა.

2014 წელს 17 წლის მალალა იუსაფზაის ქალების განათლების უფლებისთვის გამოჩენილი ბრძოლისთვის ნობელის პრემია გადაეცა მშვიდობის დარგში და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი გახდა, ვისაც ეს ჯილდო მიუღია.