ალეკო ელისაშვილი, რომელმაც ანა დოლიძესთან და ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა, არ გამორიცხავს, რომ სამივე მათგანმა თბილისში მაჟორიტარობისთვის იყაროს კენჭი.

ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

"ჩვენს ახალ პლატფორმაში შემავალი ადამიანები — მე, ლევან კობერიძე, ანა დოლიძე — ვფიქრობთ და არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება ჩვენ სამის კანდიდატურა თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში დავაყენოთ. მე თუ დავდგები მაჟორიტარად, ეს მხოლოდ და მხოლოდ საბურთალოზე იქნება, ანა დოლიძესთან და ლევან კობერიძესთან დაკავშირებით ვმსჯელობთ", — ამბობს ელისაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე კონსულტაციები მათ მიერ შექმნილი პოლიტიკური პლატფორმის ფარგლებში მიმდინარეობს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა უკანონოა, რადგან ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია.

არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაცაა, რომ დოლიძის მიერ სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან შეუთავსებელია. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დოლიძეს მოუწოდებს, რომ თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ თავად და დროულად მიიღოს.