ოკუპანტისთვის დასათმობად პარლამენტის თავმჯდომარის სკამი საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილისათვის იმაზე მეტად "საკრალური" აღმოჩნდა, ვიდრე ეს მმართველი პარტიის წევრებს წარმოედგინათ. როგორც ქართული ოცნება უწოდებს — "პროტოკოლით გაუთვალისწინებელ" ამ "დეტალს" საპროტესტო აქცია მოჰყვა. აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამო კი, ოკუპაციის გაპროტესტება რამდენიმე მოქალაქეს თვალისა და მხედველობის ფასად დაუჯდა, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცავები.

დემონსტრაციის ღამეს არც აქციის მონაწილეების დაკავების გარეშე ჩაუვლია. 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრს ნიკა მელიასაც, რომელსაც გირაო შეუფარდეს და ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს. ივლისში ამავე მუხლით დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც მაისში პრეზიდენტმა შეიწყალა.

გამოძიება ამ დრომდე გრძელდება ორი მიმართულებით: ერთში აქციის მონაწილეებს "პარლამენტში შეჭრას" ედავებიან, მეორეში კი — სამართალდამცავებს ძალის გადამეტებას.

საპროტესტო ტალღამ, რომელიც 20 ივნისის შემდეგ გაგრძელდა, არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ ქვეყნაში არსებული სისტემური პრობლემების გაპროტესტებაც გამოიწვია. სწორედ ამ აქციების შედეგად გასცა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება. თუმცა, ივნისში გაცემული დაპირება, ნოემბერში პარლამენტში ისევ ქართულმა ოცნებამ ჩააგდო, რასაც კვლავ პროტესტი და აქციები მოჰყვა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა, ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. ნოემბერშივე დააკავეს მთავარი არხის მეწილე და საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გიორგი რურუა, რომელსაც გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას ედავება.

საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდებამ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და საგარეო ორიენტაციის პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში ერთ მაგიდასთან დასვა. მიუხედავად განსხვავებებისა, მიზანი ერთი იყო — საარჩევნო სისტემის შეცვლა. დიპლომატების მედიატორობით ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერები, სხვა პარტიებთან და მმართველ გუნდთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდნენ. ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მანამ გრძელდებოდა, სანამ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა არ დააკავეს. ფორმატი ჩაიშალა.

პარალელურად დაიწყო კონგრესმენებისა თუ ევროპარლამენტარების კრიტიკული წერილების ტალღა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

პაუზის შემდეგ, ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა საპარლამენტო ოპოზიციამ, სხვა პარტიებმა და მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდომა დიპლომატების მედიატორობით შეძლეს. თუმცა, სარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, მოთხოვნებს დაკავებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებაც დაემატა.

ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, 8 მარტს პროპორციულთან მიახლოებულ, 120/30-ზე საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ, რომლის დამტკიცების ბედი თავდაპირელად 21 ივნისს უნდა გადაწყდეს.

მანამ, სანამ პოლიტიკოსები და პარტიები მორიგი საარჩევნო სისტემის ცვლილების დამტკიცებას ელიან, გადავწყვიტეთ, მათთან გაგვერკვია, როგორ შეიცვალა ქართული პოლიტიკა 20 ივნისიდან 20 ივნისამდე.

როგორ შეცვალა ქართული პოლიტიკა 20 ივნისის ტალღამ

პირველად ეს კითხვა ევროპული საქართველოს წევრს, ელენე ხოშტარიას დავუსვით. სწორედ ის იყო პირველი, ვინც გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჯდომა გააპროტესტა, სხდომათა დარბაზში საქართველოს დროშით შეიჭრა და აღნიშნული სკამი თავად დაიკავა. ამბობს, რომ ამ ერთმა წელმა, როგორც პოლიტიკოსს დიდი გამოცდილება მისცა და დაანახა, რომ პოლიტიკოსმა ქუჩაშიც უნდა იბრძოლოს და რაღაც მომენტში კომპრომისზეც წავიდეს.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, ჯერ ერთი, თავად აქტივიზმში აქტიური ჩართვის, რაც რაღაც მომენტში შეიძლება არც იყოს პოპულარული, იმიტომ, რომ არასტანდარტული ქცევა, მით უმეტეს ქალისგან ამ კონსერვატულ მიდგომებში, ხშირად დიდ კრიტიკას იმსახურებს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მე, როგორც პოლიტიკოსს დამენახა ამის მნიშვნელობა", — ამბობს ის.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავა და რუს დეპუტატს არ უშვებს

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავა და რუს დეპუტატს არ უშვებს

მისი თქმით, 20 ივნისიდან დღემდე პოლიტიკური კულტურა გაიზარდა და ოპოზიციამ გაცილებით მეტი ისწავლა, ვიდრე ხელისუფლებამ, რაც მათ საბრძოლო მიზნებშიც აისახა. ხოშტარია აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ სამოქალაქო საზოგადოების დაკვეთა მიიღო და ამოცანად არა უბრალოდ ხელისუფლების ჩანაცვლება, არამედ უფრო გრძელვადიანი და რთული, სისტემური ცვლილებები დაისახა.

"ერთმანეთის განსხვავებების მიუხედავად, ერთად დაჯდომა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია კომპრომისებიც, მათ შორის ოცნებასთან მოლაპარაკებებში. ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობასა და ჩვენს ქვეყანასაც ანახა ოპოზიციამ, რომ კომპრომისზე წასვლა პრობლემა არ არის, თუ შედეგზე ხარ ორიენტირებული და არა რამე ეგოისტურ ამოცანაზე.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ ისწავლა. ის ისევ ცდილობს, დაყოს საზოგადოება, გახლიჩოს ორ ნაწილად, გამოიწვიოს ძალადობა, გაექცეს პასუხისმგებლობას, გამოძვრეს, არ შეასრულოს დაპირებები. სამწუხაროა ეს, მათ ჰქონდათ შანსი მართლაც ესწავლათ, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ამ მხრივ, მე მგონია, რომ ოპოზიცია უფრო გაზრდილია", — ამბობს ხოშტარია.

მისი აზრით, ყველაზე მთავარი, რაც 20 ივნისის შემდეგ გამოჩნდა, ისაა, რომ მოქალაქეებმა საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნეს და დაიჯერეს, რომ ცვლილებები მათ ხელშია.

ამ ერთ წელიწადში ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბდა, რომ საქართველოში არის ძალიან აქტიური საზოგადოება, რომელიც იბრძვის პროდასავლური ორიენტაციისთვის და არ აპირებს, რუსული ორიენტაციის გავლენის ზრდას უყუროს ასე წყნარად და მშვიდად. ამიტომ, ყველა ეს მიმართულება, მე მგონია, რომ არის ქვეყნის ძალიან სწორ გეზზე დაყენება

ელენე ხოშტარია

"გამოჩნდა, რომ მოქალაქეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გარკვეული სადავეები აიღეს იმისთვის, რომ სიტუაციის ცვლილებისთვის იბრძოლონ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არ მოხდა ისე, რომ მოდით, მარტო პოლიტიკოსებმა შეცვალონ სიტუაცია. პირიქით, ძალიან გააქტიურდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პასუხისმგებლობაც აიღეს და ბევრი რაღაცისთვის იბრძოლეს", — ამბობს ხოშტარია.

ხოშტარიას შეფასებით, საზოგადოება ძალიან გაზრდილი და მომთხოვნია პოლიტიკოსების მიმართ და ეს სტანდარტი ქვეყანას ძალიან გამოადგება.

"პოლიტიკოსებს მოგვიწევს აი, ეს სტანდარტი დავაკმაყოფილოთ. როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, ჩემი აზრით, კარგად გვაქვს ნასწავლი, რომ თუ ამაზე ხელი წაგვიცდება, სულ გვემახსოვრება, რომ საზოგადოება არ გვაპატიებს", — ამბობს ის.

სამოქალაქო საზოგადოების გაზრდაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელსაც ქართულმა ოცნებამ წლების წინ დაწყებული გამოძიების გამო, დეპუტატის მანდატი გასული წლის დეკემბერში შეუჩერა.

მისი თქმით, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ მოთხოვნების წამოყენება ყოველთვის იცოდა, თუმცა მოთხოვნებში თანმიმდევრულობა აკლდა, რაც 20 ივნისის შემდეგ გამოავლინა. ყოფილი დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ შეიცვალა დამოკიდებულება ახალგაზრდობის მიმართაც და მითი, რომ ახალგაზრდობას ქვეყნის ბედი, ოკუპაცია არ აღელვებს, თავიდან ბოლომდე დაიმსხვრა.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

"მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ქართულმა საზოგადოებამ მაინც აიძულა დათმობებზე წასვლა. ჯერ ბოლომდე მიჭირს ამის თქმა და რამდენიმე დღეში გვეცოდინება რა და როგორ იქნება [საარჩევნო სისტემის ცვლილება]... ეს არის დამსახურება თანმიმდევრული ბრძოლის და იმ შესაშური ერთიანობის, რომელიც ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და ახალგაზრდობამ გამოავლინა.

ხალხმა საკუთარი ძალა ირწმუნა, მაინც შეიცვლება ხელისუფლება და ხალხის შეეშინდა ხელისუფლებას. ეს შიში ნებისმიერ მომდევნო ხელისუფლებას ძალიან დიდხანს გაჰყვება, რაც ძალიან კარგია. ეს არის პრევენცია, რომ მინიმუმ ორჯერ დაფიქრდეს ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება, რომ სისულელე არ გააკეთოს. ანუ ხალხის ძალა გახდა დომინანტი პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში", — ამბობს მელია.

მას მიაჩნია, რომ 20 ივნისის შემდეგ ოპოზიციამ საკუთარ თავს აჯობა და ისეთი უნარები გამოიმუშავა, რომელის აქამდე არ ჰქონია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადამიანებმა, რომელთაც არაფერი აერთიანებდათ, ერთმანეთთან დიალოგი ისწავლეს. მელიას თქმით, ეს "მონაპოვარია", რომლის შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობამ ცივილური ფორმები მიიღოს.

ჩვენ არ შევრიგებულვართ, ჩვენ მოვრიგდით ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის თაობაზე

ნიკა მელია

"ლეიბორისტული პარტიის ოფისმა დიდი როლი შეასრულა. ბევრ პარტიას აქვს განსხვავებული ხედვა როგორც საგარეო, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით. მიუხედავად ამისა, ისინი 20 ივნისის შემდეგ საარჩევნო სისტემის გარშემო გაერთიანდნენ. ჩვენ არ შევრიგებულვართ, ჩვენ მოვრიგდით ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღის თაობაზე. შედგა დიალოგი ადამიანებს შორის, ვინც ერთმანეთს არ ესალმებოდნენ. თითოეულმა პოლიტიკოსმა იპოვა ძალა, რომ პირადი წყენა, ბრაზი, ხშირ შემთხვევაში შეურაცხყოფაც, მეორე და მესამე პლანზე გადაედო", — ამბობს მელია.

ის ამ ერთი წლის განმავლობაში პირადად მიღებულ გამოცდილებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მან ისწავლა, განსხვავებული აზრის და ადამიანების მოსმენა და მიმღებლობაა.

"მივხვდი, რომ მთავარი არის ერთიანობა. უნდა გამონახო უნარი, ესაუბრო რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ბევრ განსხვავებულ ადამიანს. სხვაგვარად, უბრალოდ, თავისუფალი საზოგადოება ვერ შევდგებით და ვერ განვვითარდებით. როცა ერთმანეთს ვადარებ ჩემს თავს 20 ივნისამდე და 20 ივნისის შემდეგ, დიდ კონტრასტს ვხედავ ამ, უფრო მეტად ვისწავლე დიალოგი ადამიანებთან და ადამიანების მოსმენა", — ამბობს მელია.

გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ფიქრობს, რომ 20 ივნისს და მის შემდეგ განვითარებული მოვლენებისგან, გარკვეული თვალსაზრისით, გაკვეთილი ოპოზიციამ და ხელისუფლებამაც მიიღო, თუმცა რამდენად გამოიტანა აქედან დასკვნები ერთმა ან მეორე მხარემ, ამაზე ლაპარაკი ჯერ უჭირს. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ სამართლიანი თამაშის წესებზე უარის თქმამ ოპოზიციაში ერთიანი სადისკუსიო ფორმატი შექმნა, რაც გირჩმა გამოიყენა იმისათვის, რომ კონკრეტულ ხედვებთან დაკავშირებით სხვა პოლიტიკურ ძალებთან ესაუბრა. ჯაფარიძის შეფასებით, ეს პოლიტიკური კულტურის გაზრდის მხრივ იმედისმომცემი ნაბიჯებია.

ფოტო: კადრი ვიდეოდან

"დიდი იმედი მაქვს, რაღაც თვალსაზრისით წინ მივდივართ იმ მხრივაც, რომ პოლიტიკური პარტიები ნაკლებად პოპულისტურები გახდებიან, უფრო მეტად იქნებიან სხვასხვა ტიპის იდეოლოგიისა და ხედვის გამტარებელი და საბოლოო ჯამში იდეების ჭიდილი იქნება ქართული პოლიტიკა და არა ჭიდილი იმისთვის, ვინ გახდება კვალიფიციური სუბიექტი და ვინ მეტ დაფინანსებას მოიპოვებს ბიუჯეტიდან" — თქვა ჯაფარიძემ.

დიდი იმედი მაქვს, რაღაც თვალსაზრისით წინ მივდივართ იმ მხრივაც, რომ პოლიტიკური პარტიები ნაკლებად პოპულისტურები გახდებიან

ზურა ჯაფარიძე

როგორც ის ამბობს, საერთო ოპოზიციურ ფორმატში ზოგიერთ პოლიტიკოსში გულწრფელობის უფრო მაღალი ხარისხი დაინახა, ვიდრე წარმოედგინა.

"ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახლა თუ რამე შეიძლება დასაფასებელი იყოს, როგორც თვისება, გულწრფელობა მგონია და სიმართლის საუბარი. ასეთ ადამიანებთან მომავალშიც უფრო გამიადვილდება ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური იდეოლოგიით და ხედვებით სულ სხვა პოლუსზე იყვნენ. მე მირჩევნია ურთიერთობა მქონდეს პოლიტიკოსთან, რომელსაც მართლა რაღაცის სჯერა, თუნდაც ეს რაღაცა, რისიც სჯერა, ჩემი წარმოდგენებით საერთოდ კატასტროფა იყოს", — ამბობს ის.

რესპუბლიკური პარტიის წევრის, თამარ კორძაიას აზრით, ამ ერთ წელში გამოიკვეთა, რომ მოქალაქეებს პოლიტიკოსების მიმართ "ევროპული დაკვეთა" აქვთ. რაც იმაში, გამოიხატება, რომ მათი მთავარი მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემა იყო. მისი თქმით, როდესაც საზოგადოების დაკვეთა ასეთია, ეს უკვე პროგრესია.

თამარ კორძაია

თამარ კორძაია

ფოტო: რესპუბლიკური პარტია

"დღეს მოქალაქეების დაკვეთა, რახან ითხოვენ პროპორციულ არჩევნებს და მრავალპარტიულ პარლამენტს, უკვე არის ევროპა საქართველოში. ანუ საქართველოს მოქალაქეების დაკვეთა არ არის საბჭოთა სტილის, ერთპარტიული მმართველობა და ერთი გადამრჩენელი ლიდერის ყოლა. მრავალპარტიულობა ზუსტად ამას ნიშნავს, როდესაც აქციები იმართება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი უნდა იყოს მრავალფეროვანი, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის განსხვავებული გემოვნების, განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე ადამიანების სახელმწიფო და ეს პროპორციულად უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი", — ამბობს ის.

დღეს მოქალაქეების დაკვეთა, რახან ითხოვენ პროპორციულ არჩევნებს და მრავალპარტიულ პარლამენტს, უკვე არის ევროპა საქართველოში

თამარ კორძაია

მისი შეფასებით, ეს ცალსახად ნიშანვს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა გაიზარდა, თუმცა არა ხელისუფლების ხარჯზე. როგორც ის ამბობს, 20-მა ივნისმა ხელისუფლება "გააშიშვლა".

20 ივნისის შედეგებზე საუბრისას ოპოზიციური გაერთიანების მნიშვნელობას უსვამს ხაზს თავისუფალი დემოკრატების წევრი, ნინო გოგუაძე. მისი თქმით, განსხვავებული და აცდენილი ღირებულებების მქონე პარტიებს ერთმანეთთან ლაპარაკის სწავლა მოუწიათ, რადგან ეს უნარი მანამდე საქართველოში არ ჰქონიათ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრისთვის გაუგებარია რა ხდება. კი არ ვსაყვედურობ, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ის ვერ გაიგო, რომ ჩვენ ერთ კოალიციაში გაერთიანებული კი არ ვართ, უბრალოდ ერთმა თემამ გაგვაერთიანა და ამ თემის გარშემო, რადგან ყველას ინტერესია ეს თემა, შეგვიძლია ძალიან მწვავე ოპონენტებთანაც საუბარი. შეგვიძლია კი არა, ვალდებული ვართ ვისაუბროთ", — ამბობს გოგუაძე.

გოგუაძის თქმით, ბოლო ერთმა წელმა აჩვენა, რომ საზოგადოება იზრდება და პოლიტიკოსებმა "კეთილი უნდა ინებონ" და მას შესაბამისად უპასუხონ.

"ძალიან სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდები ჩაერთნენ ძალიან აქტიურად და შედგა სხვადასხვა ახალგაზრდული სამოქალაქო ჯგუფი. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეებიც გაიზარდნენ, ეს უბრალოდ, ბუნებრივი კანონია, რომ დროში ვიზრდებით, ყველა გაიზარდა და რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებიც უნდა გაიზარდნონ და შესაბამისად უნდა უპასუხონ", — ამბობს გოგუაძე.

ბუნებრივი კანონია, რომ დროში ვიზრდებით. ყველა გაიზარდა და რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებიც უნდა გაიზარდნონ და საზოგადოებას შესაბამისად უნდა უპასუხონ

ნინო გოგუაძე

ის 20 ივნისის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებულად გამოყოფს დასავლელი პარტნიორების როლს და აღნიშნავს, რომ სწორედ მათი დამსახურებაა პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება.

"მათ გამონახეს და აიძულეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ დამსხდარიყვნენ ერთ მაგიდასთან და რაღაც ახალი შეთანხმება მომხდარიყო. იმიტომ, რომ ჩვენ, ოპოზიციაც, აბსოლუტურად შეგუებული ვიყავით, რომ ძველი სისტემით მოხდებოდა არჩევნების ჩატარება და ამისთვისაც ვემზადებოდით. დიპლომატების ძალისხმევით მოხერხდა ორივე მხრიდან კომპრომისული ვარიანტის მოძებნა", — აღნიშნავს გოგუაძე.

მისგან განსხვავებით, ქართული ოცნების ყოფილი წევრის და ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატის, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, დიპლომატიური კორპუსი იძულებულია იშუამდგომლოს იმისთვის, რომ პარტიებმა ერთმანეთთან ისაუბრონ, რაც მისი აზრით, პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მიუთითებს. დიმიტრი ცქიტიშვილმა პარტია გასულ წელს და სწორედ ბიძინა ივანიშვილის პირობის შეუსრულებლობის მიზეზით დატოვა — მან და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა უმრავლესობიდან წამოსვლის შესახებ განცხადება პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ გააკეთეს.

ფოტო: პირველი არხი

"ოპოზიცია და ხელისუფლება ყოველთვის ერთმანეთთან არ თანამშრომლობს, უფრო მეტად არ თანამშრომლობს. საუბარი მათი პოლიტიკური ვალდებულებაა, ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა საუბრობდეს ერთმანეთთან, კულისებშიც და საჯაროდაც. ეს რამე გარიგებას არ გულისხმობს, ეს არის პოლიტიკური სპექტრის ვალდებულება. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ამის დეფიციტია და ოპოზიციის და ხელისუფლების დიალოგის წარმართვა დიპლომატიურ კორპუსს უწევს", — ამბობს ცქიტიშვილი.

ოპოზიცია და ხელისუფლება ყოველთვის ერთმანეთთან არ თანამშრომლობს, უფრო მეტად არ თანამშრომლობს. საუბარი მათი პოლიტიკური ვალდებულებაა, ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა საუბრობდეს ერთმანეთთან

დიმიტრი ცქიტიშვილი

ცქიტიშივილის შეფასებით, 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლება "ტურბულენტულ" მდგომარეობაშია, თუმცა პოლიტიკური სპექტრის სრული პოლარიზება მოხდა და ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. თუმცა, როგორც პოლიტიკოსი აღნიშნავს, ამ პოლარიზების კიდევ უფრო გაზრდის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, რაც მმართველმა გუნდმა ხელიდან მაშინ გაუშვა, როცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები ჩააგდო.

"საქართველოში კონკრეტული მიზეზებით ამის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო, მათ შორის ნოემბერში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაც იქნებოდა ერთ-ერთი ფაქტორი იმისთვის, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო და პოლიტიკური პროცესი ნორმალურ ფარგლებში გადასულიყო. სამწუხაროდ, ამის ჩაგდებამ პოლარიზების კიდევ მეორე ტალღა გამოიწვია და დღესაც ამ პოლარიზაციის პირობებში ვიმყოფებით", — აღნიშნა ცქიტიშვილმა.

საინტერესოა, რას იზამს მმართველი პარტია ხვალ, 21 ივნისს, შეასრულებს თუ არა ამჯერად პირობას და დაუჭერს თუ არა მხარს პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებაში ცვლილებების ერთსულოვანი მხარდაჭერისთვის მზაობას გამოთქვამენ, ნოემბრის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოლოდინები მაინც არაერთგვაროვანია. სწორედ ამიტომ, ევროპულმა საქართველომ გადაწყვეტილება დროებით შეცვალა და მზადაა, პირველი მოსმენით ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, რათა კანონპროექტი არ ჩავარდეს და მეორე და მესამე მოსმენების პარალელურად, კვლავ დააყენოს დღის წესრიგში გიორგი რურუას გათავისუფლება.