საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ხელისუფლება ჩვენს ერს და საზოგადოებას "არ ეკადრება". რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, მან ჩამოთვალა, კონკრეტულად რას გულისხმობს ამაში.

"ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატი; ხელისუფლება, რომელიც მერე პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული; ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს დაუშვებს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი; ხელისუფლება, რომელი საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორებს მისცემს დაპირებას და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი. ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას", — თქვა ექსპრეზიდენტმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ასეთი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ კაბინეტშია, უკვე წარსულია საქართველოსთვის.

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ თავისუფლების, ღირსების, ჩვენი სამშობლოს და მათ შორის სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანია. შესაბამისად, ასეთ ხელისუფლებას მიღებული აქვს ქართველი ხალხის ვერდიქტი; ასეთ ხელისუფლება მიღებული აქვს პარტნიორების ვერდიქტი. ასეთი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კაბინეტებში სხედან, უკვე წარსული ხელისუფლებაა საქართველოსთვის", — თქვა მარგველაშვილმა.

აქციაზე შეკრებილებს მან ასევე უთხრა, რომ დიდი პატივს სცემს, მათ გვერდითაა და ამ ბრძოლას ნამდვილად არ ჩამოშორდება.

რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები იქ გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ შეიკრიბნენ. პანდემიის გამო, დაკრულია სტიკერები და იცავენ სოციალურ დისტანციას.