ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებულ შეთანხმებას ეხმაურება და იმედოვნებს, რომ შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ყველა მხარის მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ ბორელი საკუთარ ტვიტერზე წერს.

"8 მარტის შეთანხმება ისტორიული მიღწევაა. შემდეგი გადამაწყვეტი ნაბიჯი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა, ვიმედოვნებთ, რომ ცვლილებეს მხარს ყველა მხარე დაუჭერს. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებას არჩევნებთან დაკავშირებით", — წერს ბორელი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, შემდეგი მოწვევის პარლამენტში 30 დეპუტატს მაჟორიტარულით, ხოლო 120-ს პარტიული, პროპორციული სიით აირჩევენ.

აღნიშნული კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭს კვირას, 21 ივნისს ჩანიშნულ სესიაზე უყრიან. იმისათვის, კონსტიტუციაში ცვილებები შევიდეს, მას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. როგორ ცნობილია, ცვლილებებს მხარს დაუჭერს უმრავლესობის 92 დეპუტატი. ასევე, დამოუკიდებელი და პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები.

ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობაში კი აცხადებენ, ისინი მხარს არ დაუჭერენ ცვილელებს, თუ მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ.

120/30-ზე საარჩევნო სისტემაზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი 8 მარტს, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ. მხარეებს შორის დიპლომატების შუამავლობით მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს გაცემული პირობა არ შეასრულა და ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე არ გადავიდა.