20 ივნისის აქციიდან ერთი წელი გავიდა. დღეს აქტივისტები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან კვლავ შეიკრიბებიან. აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი.

ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტი დეპუტატი ვიხილეთ. სწორედ აქედან დაიწყო მშვიდობიანი პროტესტი, რასაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლა მოჰყვა, გავრილოვს კი ქვეყნის დატოვება მოუხდა.

პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. მთავარი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო, რომელიც აწერდა ხელს ასამბლეის დღის წესრიგს. აქციის მონაწილეების მცირე ნაწილსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ, ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა, ისე, რომ ამის შესახებ ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები არ გააფრთხილა. გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შედეგად, რამდენიმე მოქალაქემ თვალი, ზოგმა კი მხედველობა დაკარგა. დაშავდა დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები.

დღევანდელი აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე არ არის გამოძიებული ძალის გადამეტების არცერთი ფაქტი და არ არის დასჯილი არცერთი სამართალდამცველი, თუმცა დააკავეს აქციის მონაწილეები.

"1 წლის წინ, 20 ივნისს საკუთარმა მთავრობამ მშვიდობიან მოქალაქეებზე დათვის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დილამდე ინადირა. შედეგად დაზარალდა 240-მდე ადამიანი და დააკავეს ასეულობით დემონსტრანტი. მხედველობა დაკარგა ხუთმა ადამიანმა. დაშავდა 40-მდე ჟურნალისტი. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ძალის გადამეტებად და არაპროპორციულ გამოყენებად შეაფასეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა", — აცხადებენ აქტივისტები.

ისინი მიუთითებენ იმაზეც, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პრემიერმინისტრი გახდა. გარდა ამისა, ერთი წლის შემდეგაც, დაზარალებულად არ არის ცნობილი აქციაზე დაშავებულთა სრული უმრავლესობა — გამონაკლისი მხოლოდ მაკო გომურსა და გიორგი სულაშვილზე დაუშვეს, რომლებმაც აქციის დაშლის შედეგად თვალი დაკარგეს.

"1 წლის თავზეც სირცხვილია და უფრო მეტადაც - საკუთარ შეცდომაზე სწავლის ნაცვლად ხელისუფლებამ გამოცხადებული ომი კიდევ უფრო გაამწვავა და თავისუფალ აზრს დაუპირისპირა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე მის მიერ მართული მედია და ასეულობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში. 1 წლის თავზე ჩვენ გვჯერა, რომ ამ მასშტაბის ბოროტების დამარცხება მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი", — აღნიშნავენ აქტივისტები.

პანდემიის პირობებში დაგეგმილი აქციის გამო, ორგანიზატორები მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი ყველა რეკომენდაცია: ორმეტრიანი სოციალური დისტანცია, მისვლა პირბადით. ამასთან, ისინი ამბობენ, რომ მიკროფონს ყველა გამომსვლელის წინ ჩაუტარდება დეზინფექცია.