თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 15 წლის გოგოს ადევნებისა და მუქარისთვის ბრალდებულს წინასწარი პატმირობა შეეფარდა. პროკურატურამ ბრალდებულის პატიმრობა გუშინ, 18 ივნისს, მშობლის მიერ სოციალურ ქსლეში გამოქვეყნებული პოსტის შემდეგ მოითხოვა.

სოციალურ ქსელ ფეისბუქში მამა ყვება, რომ მის 15 წლის შვილს კაცი მოკვლით ემუქრებოდა თუ ცოლად არ გაჰყვებოდა. მისი თქმით, ბავშვი კაცს ფსიქოლოგიურ წნეხში ჰყავდა. მშობელი წერდა, რომ ერთ დღეს კაცი თანმხლებ პირებთან ერთად ბავშვს სახლის სადარბაზოსთან დახვდა, პოლიციას 12 დღის წინ მიმართეს, თუმცა სავარაუდო დამნაშავე ისევ თავისუფალი იყო.

უწყების ინფორმაციით, რ.ნ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების ფეისბუქის და Instagram-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

ასევე, რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში", — წერია უწყების განცხადებაში.

უწყება წერს, რომ 2020 წლის 13 თებერვალს არასრულწლოვანმა ბრალდებულისგან სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო. პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 17 ივნისს თ.ჭ. დაზარალებულად იქნა ცნობილი.