"რჩება აზრთა სხვაობა შეთანხმების ერთობლივი განცხადების ნაწილის შესრულებაზე", — წერია ერთობლივ განცხადებაში, რასაც პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები ავრცელებენ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ 8 მარტის შეთანხმებაზე.

დიპლომატების განცხადებით, იმ პირობის შესრულებას უწყვეტად დააკვირდებიან, რომელზე რეაგირებაც შეიძლება, სასამართლო და საარჩევნო პროცესების "არასათანადო პოლიტიზაციად" იყოს აღქმული.

"8 მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება. პარლამენტი ემზადება რა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის, რომლის შედეგად უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ.

ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებულ პირობას, რაც გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომლებიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად, კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა მოახლოებული არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დავაკვირდებით.

ამავდროულად, საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობის და ცვლილებების სრულად მიღებისკენ.

ამ ცვლილებებისა და განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისკენ; ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს მიღწევები საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ინტერესებშია", — წერია განცხადებაში.

ჯერჯერობით, ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანია. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან გიორგი რურუა ისევ პატიმრობაშია. მისი გათავისუფლების გარეშე ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო უარს აცხადებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე.